თბილისის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერად თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დანიშნა.
თანამდებობაზე მან ირაკლი ხმალაძე შეცვალა, რომელიც 15 მაისიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ახალი თანამდებობისთვის გიორგი ტყემალაძეს საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს.
„ვიცე-მერის პოსტზე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება, ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. ის წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა ჰქვია. მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი ტყემალაძე. ის ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ. ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი კვალიფიკაცია, მისი ჩართულობა, დაგვეხმარება და გავაგრძელებთ იმ წამოწყებულ მნიშვნელოვან საქმეებსა და პროექტებს,“ – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ
საკადრო ცვლილებების შემდეგ ვაკანტური რჩება დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი. ამჟამად ის ვაკანტური რჩება. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის თვითმმართველი ორგანოს უმრავლესობა ამ საკითხზე მოგვიანებით ისმჯელებს და საზოგადოება საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ვინაობას მალე შეიტყობს.