კატეგორიები

საგარეო კომიტეტის მოსმენაზე მარკო რუბიომ უპასუხა ჯო უილსონის კითხვას საქართველოს თაობაზე

საგარეო კომიტეტის მოსმენაზე მარკო რუბიომ უპასუხა ჯო უილსონის კითხვას საქართველოს თაობაზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე საქართველოსთან დაკავშირებით „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვას უპასუხა.

„MEGOBARI აქტის“ თანაავტორი კონგრესმენის თქმით, ქართველი ხალხის პროდასავლური პროტესტის ფონზე, „ქართული ოცნება“ ანტიამერიკულ პოლიტიკას ატარებს და ვაშინგტონთან კავშირებს „კრიმინალურად“ აცხადებს.

„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა. მათ კრიმინალად გამოაცხადეს ამერიკასთან ასოციაცია…  200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი ყოველდღიურად, გმირულად გამოდის ქუჩაში. მათ უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტ ტრამპის ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ისეთი, რაც რეალურ ფასს გადაახდევინებს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით?“ – ჰკითხა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს.

მარკო რუბიოს თქმით, ამჟამად ამერიკის ადმინისტრაცია რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს, თუმცა სახელმწიფო მდივანს არ დაუსახელებია, რა საკითხებს განიხილავს ვაშინგტონი.

„დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი. უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესებია. ამიტომ ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.

ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა დამატებით ვარიანტს. კონკრეტულად რას ვგეგმავთ დღეს, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.

კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას, ანტიამერიკულ მთავრობას, რეაგირება“, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

21 მაისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მის მიერ დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისთვის გაგზავნილი ღია წერილი ამერიკულმა მხარემ „უპასუხოდ დატოვა“. მისივე თქმით, „დუმილიც ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები