კატეგორიები

„დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია”- ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილზე

„დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია”- ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვებს თბილისში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის გახსნის შემდეგ უპასუხა. მან განაცხადა, რომ ღია წერილზე აშშ-დან პასუხი არ მიუღიათ, თუმცა მისივე თქმით, დუმილი ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია.

საუბარია წერილზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს გაუგზავნა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, რომელიც ძალაში 31 მაისიდან შედის. მან თქვა, რომ კანონი იქნება ერთ-ერთი მთავარი გარანტი იმისა, რომ მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს სუვერენიტეტი და ქვეყნის დამოუკიდებლობა.

„როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ USAID, „ნედი” და სხვა ფონდები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის სცენარის განვითარებისთვის, რევოლუციების მოსაწყობად, ეს ხდებოდა საქართველოშიც. ვხედავდით, როგორ იყო ჩართული ამ წლების განმავლობაში USAID, „ნედი“ და ამერიკის საელჩო რევოლუციური სცენარის დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ ჩავარდა.

ამ აღიარების პირობებში, ცხადი გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება. არავის აქვს უფლება, გარედან ჩაერიოს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მით უმეტეს, გარედან დაგვიგეგმოს საქართველოში რევოლუციები. გამჭვირვალობის კანონი უნდა ამოქმედდეს, კანონი იქნება ერთ-ერთი მთავარი გარანტი იმის, რომ მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა”, – განაცხადა პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები