მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთის პარლამენტმა ICC-დან ქვეყნის გამოსვლას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა ICC-დან ქვეყნის გამოსვლას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან ქვეყნის გამოსვლას მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ინიციატივას 137 მომხრე დეპუტატი ჰყავდა, წინააღმდეგი 37 იყო.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე მოვამზადეთ დოკუმენტი და როგორც კი ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილება ძალაში შევა, პრეზიდენტის მიერ იქნება ხელმოწერილი და გამოქვეყნებული, წერილობით დაუყოვნებლივ ვაცნობებ გაეროს გენერალურ მდივანს“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

მისივე თქმით, რომის სტატუტის დასატოვებლად უნგრეთმა ერთწლიანი სამართლებრივი პროცედურა უნდა გაიაროს.

შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი უნგრეთის პარლამენტში აპრილის დასაწყისში დარეგისტრირდა. ინიციატივას მხარი დაუჭირეს ქვეყნის მმართველი პარტიის, ასევე „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ დეპუტატებმა. მისი წინააღმდეგი კი ოპოზიციური, ლიბერალ-დემოკრატიული ძალები იყვნენ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან უნგრეთის გასვლის შესახებ დებატები ბუდაპეშტში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის შემდეგ დაიწყო.

2024 წლის 21 ნოემბერს, ღაზის სექტორში პირველადი დახმარების მიწოდების შეზღუდვისთვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვისთვის ჰააგის ტრიბუნალმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა.’

ამ გადაწყვეტილებას მან „ახალი ანტისემიტიზმის გამოვლინების სამარცხვინო ფაქტი“ უწოდა. ჰააგის გადაწყვეტილება გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.

2023 წლის 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის ტერიტორიაზე ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო დაკავების ორდერი გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend