მოსალოდნელია, რომ საქართველოში ინფლაცია 2025 წელს 4%-მდე გაიზრდება. ამის შესახებ წერია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, „ევროპის ეკონომიკური პროგნოზი”.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ერთწლიანი ძლიერი ზრდის შემდეგ, ეკონომიკური აქტივობა, სავარაუდოდ, შენელდება, თუმცა 2025 და 2026 წლებში 5-6%-იან ნიშნულზე დარჩება. ევროკომისიის პროგნოზით, მომდევნო წლებში ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა კვლავ შიდა მოთხოვნა იქნება, განსაკუთრებით კერძო და სამთავრობო მოხმარება.
ამასთან, მოსალოდნელია ინვესტიციების ზრდა, რაც განპირობებული იქნება ბიზნეს სესხების დინამიკითა და სახელმწიფო ინვესტიციებით. თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის ნდობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებითაა განპირობებული.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველო კვლავ იღებს სარგებელს უკრაინაში რუსული ომის გამო. რადგან, ამ ომის შედეგად გარკვეულმა სავაჭრო მარშრუტებმა და სერვისებმა რუსეთიდან საქართველოში გადმოინაცვლა.