ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გააცნობენ საზოგადოებას.
დღეს, 20 მაისს, გამართულ ბრიფინგზე კოალიცია „ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა „ქართული ოცნებისთვის” ლეგიტიმაციის მინიჭების ტოლფასია.
„ან მივდივართ კომპრომისზე უსამართლობასთან, უსინდისობასთან, ან იბრძვი ბოლომდე და ხარ მართალი ამ ბრძოლაში. მორალური უპირატესობა უმნიშვნელოვანესია, ეს არის და ეს, ძალიან მკაფიოა. გირაოს გადახდაზე აქ არ არის საუბარი, 50 პოლიტპატიმრიდან ნებისმიერს, მაქსიმუმ ერთ კვირაში შეუძლია იყოს სახლში, თუ ის კომპრომისზე წავა. „ქართული ოცნებიდან“ ბევრს უთქვამს კიდევაც, რომ მაგალითად, მზია ამაღლობელმა, სულ მცირე, მოინანიოს და გამოვუშვებთ. მახსოვს, მდინარაძემ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეზე თქვა, რომ თუ დავინახავ, ის ინანიებს, პირადად ჩავუდგები თავდებშიო. ძალიან გთხოვთ, აქ გირაოზე არ არის საუბარი და არც 10 000 და არც 50 000 ლარზე, საუბარია, შენ ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშობ, თუ არ თამაშობ!“ – აცხადებს ნიკა მელია.
ოპოზიციის ნაწილი მელიას ამ განცხადებას ეთანხმება, ნაწილი კი ჯერ კიდევ არ აკეთებს ოფიციალურ კომენტარს.
„ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში, რომ მიხეილ სააკაშვილი 3 წელიწადზე მეტია არის ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვე. ასეთ ტყვეობაში უნდათ სხვა პარტიების ლიდერების აყვანაც, რომ შემდგომში, რაღაც ვითარებაში, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს სათქმელი, რომ აი, მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნებში შემოსვლის სანაცვლოდ ვივაჭროთ კონკრეტული ადამიანების თავისუფლებით და ამ თემაში თუ ვინმე შეჰყვება „ქართულ ოცნებას“, იქნება მთლიანად ამ პროცესის ღალატი”, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან სანიკიძე.
„ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციურ პარტიებს სახის შენარჩუნებაში დაეხმარებათ და თუკი უარს იტყვიან ამ შესაძლებლობაზე, ეს მათი პოლიტიკური ცხოვრების დასასრული იქნება.
„ისინი, რომ ადგნენ და პირდაპირ შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე, ექნებათ ძალიან ნეგატიური პასუხი მათი ამომრჩევლის მხრიდან. ამიტომ ცდილობენ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა მეთოდით ნელ-ნელა შეამზადონ საკუთარი ამომრჩეველი იმ გადაწყვეტილებისთვის, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ანუ რომ მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ვინც გადაწყვეტს, რომ მაინც დარჩეს მთლიანად დემოკრატიული ჩარჩოს მიღმა, ესეც მათი არჩევანი იქნება, ოღონდ ამას ექნება შესაბამისი შედეგი. ისინი მოწყდებიან იმ პოლიტიკურ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, რისი მახასიათებლითაც ისინი ხასიათდებიან, როგორც პოლიტიკური პარტიები. სხვა შემთხვევაში ეს პოლიტიკური პარტიები გადაიქცევიან ჩვეულებრივ რადიკალურ დაჯგუფებებად“, – განაცხადა „ქართული ოცნების” წევრმა ლევან მახაშვილმა.
