კატეგორიები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება როგორც უწყება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება როგორც უწყება

„ქართული ოცნება” გეგმავს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამართალდამცავი უწყების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო გადაცდომებს იძიებს, პროკურატურას შეუერთოს.

უწყება, რომლის შექმნაც ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა იყო, ამ გადაწყვეტილებით გაუქმდება.

რა ფორმით მიეცემა მას გენერალური პროკურატურის დაქვემდებარებაში მუშაობის საშუალება, ჯერ უცნობია.

ევროკავშირის მოთხოვნით, ეს უწყება ყველა საჯარო ორგანოდან დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო. „ევრონიუს ჯორჯიას” სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა  ოფიციალურად დაუდასტურა ეს სიახლე.

„გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები”, – აღნიშნულია ოფიციალურ პასუხში, რომელიც უწყებამ „ევრონიუს ჯორჯიას” დაუბრუნა.


.

ამ საკითხს აფასებენ უფლებადამცველ ორგანიზაციებშიც. „საიას” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ უწყების უმოქმედობის მიუხედავად, მისი ფორმალური ფუნქციონირება მაინც საჭირო იყო.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმ მიზნით შეიქმნა, რომ მას დამოუკიდებლად უნდა გამოეძია ის დანაშაული, რომელსაც სამართალდამცველების მხრიდან ჰქონდა ადგილი, თუმცა წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ ეს სამსახური უფუნქციო იყო, ვერ ასრულებდა საკუთარ მისიასა და მანდატს. ამ დრომდე არცერთი საქმე არ არის გამოძიებული. ის გადაწყვეტილება, რომელიც ინსტიტუციურადაც ამ სამსახურის გაუქმებას გულისხმობს, თუ ეს საბოლოოდ მოხდა, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ეს მიანიშნებს, რომ არც ფორმალურად არის ინტერესი, არსებობდეს ცალკე, დამოუკიდებელი ორგანო, თუნდაც, ფორმალურად, რომელიც სპეციალური მანდატით გამოიძიებდა იმ დანაშაულს, რომელიც ამ სამსახურს ექვემდებარებოდა“, – აღნიშნავს ქურდოვანიძე.

2022 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, რომელსაც ლონდა თოლორაია ხელმძღვანელობდა, მის ნაცვლად ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატს არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.

უწყება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებდა.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები