მთავარისაქართველომამუკა ხაზარაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა

მამუკა ხაზარაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, პროცესი დასრულდა და მისი საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელეს. მამუკა ხაზარაძეს პროკურატურა „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ ედავება.

პოლიტიკოსი კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ხელისუფლება პოლიტიკური ლიდერების დევნისა და მათზე ზეწოლისთვის იყენებს.

სხდომაზე მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ასევე მან არ შეიყვანა დასაკითხ პირთა სიაში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და მისი წევრები. მათ შორის მან არ დააკმაყოფილა, დაცვის მხარის მოთხოვნა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით.

თუმცა, მოსამართლემ საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული დასკვნები, რომლებიც ადვოკატებმა წარმოადგინეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამუკა ხაზარაძეს ჯარიმა, ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან სამ წლამდე ვადით თანამდებობის დაკავებისა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემუქრება. სასამართლომ 2 აპრილს პოლიტიკოსს, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend