სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით „ევროპის მცველი“, სამი სხვადასხვა შინაარსის სწავლებისგან შედგება. Swift Response ტარდება სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის მიმართულებაზე. Immediate Response-ის სასწავლო არეალი მოიცავს ძირითადად ბალკანურ ქვეყნებსა და სლოვაკეთს. მესამე სწავლება Saber Guardian კი ტარდება რუმინეთში, უნგრეთსა და გერმანიაში. ჯამში სამხედრო მანევრები ევროპის მასშტაბით 18 სხვადასხვა ქვეყანაშია გაშლილი.
როგორც აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, წვრთნების მიზანია იმის შემოწმება, თუ რამდენად სწრაფად შეძლებენ ამერიკელი სამხედროები ევროპაში გადმოსვლასა და აღმოსავლეთ ფლანგზე საბრძოლო ოპერაციებში ჩაბმას. ამასთან, სამხედრო სასწავლო ამოცანები თანამედროვე გამოწვევების ადეკვატურია.
Defender Europe 25-ის ფარგლებში 18 სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებშიც წვრთნები ტარდება, ნატოს წევრი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან 25 000 სამხედრო განთავსდება, რაც 30 ქვეყნის ერთობლივ ძალისხმევას ნიშნავს. წვრთნის ეს ნაწილი მოიცავს ხუთ თითქმის ერთდროულ საჰაერო დესანტირებას, რომლებიც ჩრდილოეთ რეგიონსა და ბალტიისპირეთში განხორციელდება. ეს ქვეყნებია: ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ლატვია და, რა თქმა უნდა, ლიეტუვა. ასეთი წვრთნები იდეალურ შესაძლებლობას იძლევა ნატოს მოკავშირეებისა და მათი პარტნიორებისთვის, რომ გამოიმუშაონ საბრძოლო ძალების განლაგების უნარი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ნატო ყოველდღიურად ვითარდება სწორედ იმ მოვლენების გათვალისწინებით, რომლებიც უკრაინაში, ღაზასა და აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ხდება. ჩვენ ყოველდღიურად ვუახლოვდებით ახალ რეალობას. ვცდილობთ სხვადასხვა მიმართულების — კოსმოსური, კიბერ და ელექტრომაგნიტური შესაძლებლობების — ინტეგრირებას, რათა გავხსნათ ფანჯარა ასეთი ოპერაციების განსახორციელებლად. ნატოს ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული მოდერნიზაციის პროცესში, რომელიც უკრაინისგან მიღებულ გაკვეთილებზეა დაფუძნებული. ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს უკრაინელებთან და მიღებული გამოცდილება სწრაფად გადმოგვაქვს წვრთნის პროცესში”, – ამბობს ბრიგადის გენერალი სტივ კარპენტერი, აშშ-ის არმიის სასწავლო სარდლობის მეთაური.
სწავლება „ევროპის მცველი“ აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ უკვე მეექვსედ ტარდება. წვრთნებში გათვალისწინებულია ტრადიციულ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირება. ასევე უკრაინის გამოცდილება, მაგალითად, საბრძოლო ოპერაციები დრონებით და სხვა თანამედროვე გამოწვევები.
„რეალურ საცეცხლე სწავლებას FPV ტიპის დრონებით ვატარებთ. დღევანდელი დავალება არის სტატიკური მიზნის განადგურება. შემდეგ კი მოძრავ სამიზნეებს გავანადგურებთ. მათ ვუმიზნებთ სპეციალურად შექმნილ და მრავალჯერადი გამოყენების FPV სისტემებს – ეს არის Sky Raider, რომელიც დამზადებული და აწყობილია 173-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადის მიერ. ჩვენ ვქმნით საკუთარ დრონებს, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს, საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომით შევარჩიოთ შეიარაღება. უკრაინისა და რუსეთის ომის განმავლობაში, შეტაკებების 60%-ზე მეტი სწორედ FPV დრონების მეშვეობით მიმდინარეობს. ამჟამად, აშშ-ის არმიას სჭირდება მეტი პრაქტიკა FPV ტიპის დრონების განადგურებაში — აქ სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, – თქვა დრონებით სწავლებაში მონაწილე აშშ-ის არმიის ლეიტენანტმა ფრანჩესკო ლა ტორემ.
გარდა ამისა, წვრთნებში ჩართულ სამხედროებს რთულ კლიმატურ პირობებშიც უწევთ სამხედრო სასწავლო ამოცანების შესრულება. მაგალითად, ყურადღება გამახვილებულია უხვი თოვლის პირობებში საჰაერო დესანტირებასა და სახმელეთო ოპერაციების სწრაფ შესრულებაზე.
„წვრთნები მართლაც ეფექტიანია, რადგან ყველაფერი სწრაფად, მკვეთრად და აგრესიულად მიმდინარეობს. გაქვს განსაზღვრული მისია, ასრულებ მას და მალევე ბრუნდები უკან. სწორედ ამ ინტენსიურობის გამო შეგიძლია ჩადო მაქსიმალური ენერგია, აგრესია და იმპულსი. ცივ ამინდში მეტი წვრთნა ნამდვილად აუცილებელია. ჩვენთვის უცხო არაა ნოტიო, ქარიან და ცივ პირობებში მოქმედება, მაგრამ ოპერაციები თოვლში, რომელიც წელამდეა, გაცილებით რთულდება. ასეთ პირობებში ადაპტირება და დაბრკოლებების დაძლევა აუცილებელია. მსგავსი წვრთნა უკეთეს მებრძოლებად გვაქცევს“, – განაცხადა ბრიტანეთის არმიის კაპრალმა ჯეიმს ქაუნთმა.
წვრთნები „ევროპის მცველი 2025“ აშშ-ის არმიის ყველაზე მასშტაბური სწავლებაა მთელ ევროპაში. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მანევრები ევროპის 18 ქვეყანაში 24 ივნისს დასრულდება.