ბრიტანეთმა და ევროკავშირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ ახალ შეთანხმებას მიაღწიეს.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, რომელიც ლონდონში მოლაპარაკებებისთვის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა, განაცხადა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის მომგებიანია.
მისი თქმით, ახალი პაქტი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი ეპოქის დასაწყისზე მიანიშნებს. შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას ჰიბრიდული ომების, კიბერუსაფრთხოების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და საზღვაო უსაფრთხოების სფეროებში.
„დღეს ევროკავშირთან გადამწყვეტ შეთანხმებას მივაღწიეთ – ეს დამოუკიდებელ ბრიტანეთსა და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს შორის ახალი პარტნიორობის დასაწყისია. ჩვენი პირველი გაერთიანებული სამიტი, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეპოქის დაწყებას ნიშნავს და ეს შეთანხმება ორივე მხარისთვის მომგებიანია. ის იმ დაკვეთას ასრულებს, რომელიც ბრიტანეთის საზოგადოებისგან გასულ წელს მივიღეთ. ის გვაძლევს უპრეცედენტო წვდომას ევროკავშირის ბაზარზე – თავად ევროკავშირისა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის გარეთ არსებულ ნებისმიერ ქვეყანაზე უკეთესს“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
„ეს ისტორიული მომენტია, რადგან დღეს ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის პირველი სამიტი შედგა. მსურს, მადლობა გადავუხადო ბრიტანეთის ხელისუფლებას, არა მხოლოდ დღევანდელი დღისთვის, არამედ კვირებისა და თვეების განმავლობაში გაწეული შრომისთვის, რომელმაც ამ შესანიშნავ შედეგამდე მოგვიყვანა. ეს ახალი ეტაპია ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებში. ეს არის ამბავი ისტორიული პარტნიორობის შესახებ, რომლებიც გლობალურ ასპარეზზე გვერდიგვერდ, თითქმის ერთნაირი გამოწვევების წინაშე, ერთი ღირებულებების გარშემო დგანან“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„რამდენიმე თვის წინ, პრემიერ-მინისტრმა სტარმერმა ისაუბრა საკუთარ ამბიციაზე, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების აღდგენის შესახებ. დღეს სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ერთად შევძელით ამ სურვილის ასრულება. თქვენ წარმატებას მიაღწიეთ, ჩვენ ყველამ წარმატებას მივაღწიეთ. დღეს მიღწეული შეთანხმება არა მხოლოდ პროგრესის, არამედ ჩვენს ურთიერთობებში ახალი ეტაპის მანიშნებელია. ეს არის განახლებული და გაძლიერებული სტრატეგიული პარტნიორობის დასაწყისი. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ნდობის აღდგენის მიზნით დაუღალავად ვშრომობდით“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ.
ბრიტანეთისა და ევროკავშირის შეთანხმების დოკუმენტი უკვე მიიღეს ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებმაც. მას მხარი გაერთიანების 27-ვე მთავრობამ დაუჭირა.