უკრაინის დელეგაცია იმყოფება სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, სადაც კიევსა და მოსკოვს შორის 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, შეხვედრაზე უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი იქნება. კრემლის ინფორმაციით კი, მოსკოვის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს.
მანამდე, სტამბოლში უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.
დოლმაბაჰჩეს სასახლეში შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაკან ფიდანი ხელმძღვანელობდა. ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის შემადგენლობაში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ანკარაში აშშ-ის ელჩი ტომ ბარაკი და უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი მონაწილეობდნენ.
უკრაინულ მხარეს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი წარმოადგენდნენ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მრჩევლებთან სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ, პოზიციები შეათანხმეს.