ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. ამჯერად მხარეთა კითხვებს უპასუხა იმ ექსპერტმა, ვინც 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელსა და საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ირაკლი დგებუაძეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა.
გივი ჩხარტიშვილმა თქვა, რომ სამედიცინო შემოწმებისას დაზარალებულად მიჩნეულ პოლიციელს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ ჰქონია.
რაც შეეხება მზია ამაღლობელის ექსპერტიზას: დასკვნის თანახმად, ჟურნალისტის სხეულის ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მას მარცხენა მხრის არეში სისხლნაჟღენთები ჰქონდა.
ექსპერტმა თქვა ისიც, რომ არ ახსოვს, აღენიშნებოდა თუ არა დგებუაძეს სიწითლე, თუმცა აღნიშნა, რომ სიწითლე რომც შეენიშნა, დასკვნაში არ შეიტანდა, რადგან ეს დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის.
სხდომას მზია ამაღლობელის მხარდამჭერებთან ერთად ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ლენა შილინგი და გერმანიის, შვედეთისა და ესტონეთის ელჩები ესწრებოდნენ.
საქმეზე ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დასრულდა. პროკურატურის რამდენიმე მოწმე პოლიციელი, რომლებიც მომდევნო სხდომებზე უნდა გამოეკითხათ, ბრალდებამ საქმიდან მოხსნა.
როგორც მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი, მაია მწარიაშვილი ამბობს, მიზეზი ისაა, რომ პროკურატურა უბრალოდ „პოლიციელების მეცადინეობით“ და იმით დაიღალა, რომ სამართალდამცველების ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა. შემდეგი პროცესიდან სასამართლო დაიწყებს დაცვის მხარის იმ მტკიცებულებების გამოკვლევას, რომლებიც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმეში დატოვა.
წინასასამართლო სხდომაზე უკვე დაიკითხა საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელი, ირაკლი დგებუაძე, რომლისთვისაც სილის გაწვნის გამო ჟურნალისტს „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან.
ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებელი ოთხ თვეზე მეტია პატიმრობაშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.