„ევროვიზია 2025-ის“ წლევანდელი ფინალისტების ვინაობა ცნობილია – მეორე ნახევარფინალი დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე მილიონობით მაყურებელი იხილავს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მუსიკალური კონკურსის ფინალს, სადაც 26 ქვეყნის წარმომადგენელი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
მეორე ნახევარფინალში 16 ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია. კონკურსის წესების თანახმად, ფინალში გადასვლას მაყურებლის ხმები წყვეტდა და ჟიური ამ პროცესში არ მონაწილეობდა.

მუსიკალური კონკურსის მეორე ნახევარფინალიდან ფინალურ ეტაპზე გადასვლა შეძლეს ლიეტუვის, ისრაელის, სომხეთის, დანიის, ავსტრიის, ლუქსემბურგის, ფინეთის, საბერძნეთის, ლატვიისა და მალტის წარმომადგენლებმა. საქართველო პროექტს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.

მარიამ შენგელია გულშემატკივრების წინაშე მე-10 ნომრად წარდგა, ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებთან ერთად. მან სიმღერა Freedom შეასრულა და აუდიტორიის დიდი მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა საქართველო ფინალისტთა ათეულში ვერ მოხვდა. საქართველოს გარდა ფინალში ვერ გადავიდა ავსტრალია, მონტენეგრო, ირლანდია, ჩეხეთი და სერბეთი.
ახლა მუსიკის მოყვარულები, რომლებიც მთელი მსოფლიოდან შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ჩავიდნენ, 17 მაისის გრანდიოზულ ფინალს ელიან. კონკურსის გზავნილი კი უცვლელია – „მუსიკა აერთიანებს“.