“წინააღმდეგობის პლატფორმის” სახელით მორიგი ბრიფინგი გამართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მან ყურადღება სამ მიმდინარე საკითხზე გაამახვილა.
მათ შორის იყო გერმანიის მთავრობის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის მიერ გერმანიის ელჩის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დასავლური ქვეყნების ელჩებზე “ქართული ოცნების” ლიდერების თავდასხმები იმ მიზანს ემსახურება, რომ საქართველო დაშორდეს პარტნიორებს.
„დღეს მოვისმინეთ ძალიან მკაცრი რეაქცია ახალი გერმანული ადმინისტრაციისგან, იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ იმას, რომ თავიანთი ელჩი, რომელიც წარმოადგენს გერმანიის პოლიტიკას ამ ქვეყანაში, შეურაცხყოფილი იქნა ამ ხელისუფლების მიერ. ეს თავდასხმები გერმანიაზე, უშუალოდ როგორც ქვეყანასა და მის წარმომადგენელზე, თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე და სხვა, სრულიად მიუღებელია. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რომელიც როგორ ჩანს ამ ხელისუფლების მიზანია“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მეხუთე პრეზიდენტმა დღევანდელი ბრიფინგი წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებთან ერთად გამართა.