ესპანეთში, წყალდიდობით დაზარალებული ვალენსიის რეგიონში გზის დასაგებ ისეთ კერამიკულ ბლოკებზე მუშაობენ, რომლებიც ურბანულ ადგილებში ძლიერი ნალექის დროს დატბორვის რისკს შეამცირებს.
გასულ წელს ვალენსიას კოკისპირული წვიმების შემდეგ ისეთი წყალდიდობა დაატყდა თავს, რომ ქალაქი მთლად წალეკა. ამ სტიქიურმა უბედურებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს კლიმატის ცვლილება. ესპანეთს, სხვა ქვეყნების მსგავსად, ექსტრემალურ ამინდთან შეგუება უწევს.
ამიტომ ვალენსიის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთი ინოვაციური პროექტი გამოსავალს ადამიანებს, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ფერხთქვეშ უგებს. ერთმანეთისგან დაშორიშორებული კერამიკული ფილებით დაგებული გზა იმაზეა გათვლილი, რომ რაც შეიძლება მეტი წყალი შთანთქას. ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი ტიპის კონსტრუქცია გასული წლის მსგავს წყალდიდობას, როდესაც მდინარემ ნაპირები გადმოლახა, ვერ აღკვეთს. თუმცა კოკისპირული წვიმის დროს ამცირებს ქალაქის დატბორვის რისკს.
„წყლის ასეთ გამტარობას უზრუნველყოფს ფილებს შორის არსებული ვერტიკალური ღრიჭოები“,- ამბობს იგნასიო ანდრეს დომენეკი, ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო სკოლის დირექტორი. „ამ შემთხვევაში წყალს გასვლის საშუალებას აძლევს ეს საგზაო ბლოკები, რომლებსაც ხრეშის რამდენიმე ფენა აკავებს. წყალი ამ ფაშარ სტრუქტურაში იჟონება“.
ეს ინოვაცია თავიდან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განვითარდა, რომელსაც კოორდინაციას კერამიკის ტექნოლოგიის ინსტიტუტი უწევდა ქალაქ კასტელიონში.
ეს ინსტიტუტი მუშაობს კიდევ ერთ ინიციატივაზე, რომელსაც Drainker-ი ეწოდება და რომელსაც ასევე ევროკავშირი აფინანსებს. ეს ინიციატივა ინოვაციური კერამიკული ფილების დახვეწასა და ინდუსტრიალიზაციას ემსახურება. ცდებმა აჩვენა, რომ ასეთი ფილებით მოგებული ერთი კვადრატული მეტრი საათში 10 ათას ლიტრ წყალს შთანთქავს.
“ერთი ესპანური კომპანია ძალიან არის დაინტერესებული და გადაწყვიტა, რომ დაიწყოს ამ პროდუქტის ინდუსტრიალიზაცია და კომერციალიზაცია,“ – განმარტავს ხორხე კორალესი,კერამიკის ტექნოლოგიის ინსტიტუტის არქიტექტორი. „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეხვედრები გვქონდა რამდენიმე არქიტექტურულ სტუდიაში და ქალაქის საბჭოში, რათა ამ პროექტს ხორცი შევასხათ ვაქციოთ ურბანულ ადგილებში“.
Drainker-ის მსგავსი პროექტები ინოვაციების განვითარებას უწყობს ხელს კერამიკის ინდუსტრიაში, რომელიც ვალენიის რეგიონული ეკონომიკის ქვაკუთხედია.
“ეს პროექტი რამდენიმე მიზეზის გამო დაიწყო“, – გვიხსნის იოლანდა რეიგი, კერამიკის ტექნოლოგიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი. „ერთი მიზეზი ის იყო, რომ ჭარბი რაოდენობით იყო დაგროვილი დაბალი კომერციული ღირებულების მქონე კერამიკული მასალა. გარდა ამისა, აუცილებელია წვიმის წყლის შეგროვება და თანაც საჭიროა ქალაქებში დიდი სიცხის შეკავება“.
Drainker-ის პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 142 ათას ევროზე მეტია. მის 60 პროცენტს ევროპის რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, დანარჩენს კი – ვალენსიის მთავრობა. ყველა ერთად კი ხელს უწყობს ურბანული დრენაჟის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც კლიმატის ცვლილებას მოერგება.
ავტორი: დეიმონ ემბლინგი