მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSბერლინში გაეროს ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს

ბერლინში გაეროს ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს

გერმანიის დედაქალაქში სამშვიდობო ოპერაციების შესახებ გაეროს ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის ფარგლებში ბერლინს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ეწვია და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფრიდრიხ მერცს, სამშვიდობო ოპერაციებში გერმანელი სამხედროების მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის.

„ჩვენს რიგებში თითქმის 200 გერმანელი სამშვიდობო მსახურობს და განსაკუთრებით მოხარული ვარ აქ ყოფნით მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა დამტკიცდა. მოუთმენლად ველი მომავალში ჩვენი პარტნიორობის განვითარებას. გერმანიის მთავრობისა და თავად გერმანელი ხალხის მონაწილეობა სამშვიდობო ძალების მომავალზე აუცილებლად აისახება“, – ამბობს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ გერმანიის ახალი მთავრობის წევრები: გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. გაეროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ორგანიზაცია დგას.

„სამშვიდობო ოპერაციების მომავალი დღეს უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, რაც ზრდის იმ საფრთხეებს, რომლებსაც ჩვენი მამაცი სამშვიდობოები აწყდებიან. ესაა კონფლიქტების რეკორდული რაოდენობა, განხეთქილებისა და უნდობლობის გაღრმავება, ტერორიზმი და ტრანსნაციონალური დანაშაული, სამშვიდობოების მიზანში ამოღება დრონებისა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით, ასევე სოციალური მედიის საშუალებითაც კი“, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.

ანტონიუ გუტერეშმა მოუწოდა გაეროს წევრ ქვეყნებს, პატივი სცენ ორგანიზაციას, შეასრულონ თავიანთი ფინანსური ვალდებულებები და გადაიხადონ მათი წილი თანხები.

„სამწუხაროდ, სამშვიდობო ოპერაციებს ფინანსური პრობლემები შეექმნა. აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, რომ გაეროს ყველა წევრმა ქვეყანამ პატივი სცეს თავის ფინანსურ ვალდებულებებს და თავისი წილი სრულად გადაიხადოს. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები სამშვიდობო ოპერაციების შესახებ, რომლებიც მსოფლიოში სულ უფრო საჭირო ხდება“, – ამბობს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.

განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმაც. მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოში გერმანიის კანდიდატურის დაყენებას აპირებს.

„გერმანია გააგრძელებს გაეროს მისიებში სამხედრო, პოლიციისა და სამოქალაქო პერსონალით ჩართულობას. ჩვენ ასევე გვსურს გაეროში პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავაყენეთ გერმანიის კანდიდატურა გაეროს უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრობისთვის, 2027 და 2028 წლების პერიოდში. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იდეის“, – აღნიშნავს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.

ფრიდრიხ მერცის თქმით, გაეროს გენერალურ მდივანთან ერთად მუშაობს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების სწრაფად დაწყებაზე და ზეწოლისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-17 პაკეტის შემოღებას დააჩქარებს.

„გენერალურმა მდივანმა და მე ასევე განვიხილეთ დიპლომატიური ძალისხმევის აუცილებლობა უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის. ორივე ვთანხმდებით, რომ ის რაც ახლა გვჭირდება, ცეცხლის სრულად და უპირობოდ შეწყვეტაა და გრძელვადიან მშვიდობაზე მოლაპარაკებები სწორედ ამის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს. ორივე ვმუშაობთ, რომ ეს მოლაპარაკებები სწრაფად დაიწყოს. ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე, რათა საბოლოოდ გამოთქვას მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის და როგორც კიევში პარტნიორებთან შევთანხმდით, ევროკავშირი სანქციათა მე-17 პაკეტს მიიღებს. გერმანიამ ამის თანხმობა დღეს გასცა“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.

გაეროს კონფერენცია ბერლინში ორ დღეს გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend