თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს.
მხარეთა შეკითხვებს პროკურატურის მოწმეები პასუხობენ. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს.
პროცესზე უკვე გამოიკითხა პოლიციელი ნიკოლოზ ხურცილავა. მას დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ ამ საქმეში არ აქვს – პოლიციელი დაზარალებულადაა მიჩნეული აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეშიც.
მან დღევანდელ სხდომაზე, ისევე როგორც გუშინ, რვა პირის სასამართლო პროცესზე, თქვა, რომ აქციაზე დაშავდა, თუმცა არ იცის, ვინ ისროლა ქვა, რომელიც მოხვდა.
ახლა სასამართლო პოლიციელ ლაშა იუღლიშვილს უსმენს. მან, ნიკოლოზ ხურცილავას მსგავსად, გუშინაც უპასუხა მხარეთა კითხვებს აქციებისას დაკავებული სხვა დემონსტრანტების საქმის ფარგლებში.
11 პირის საქმეზე გამართულ წინა სხდომაზე, მხარეთა კითხვებს უკვე უპასუხა დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა გიორგი ზაბახიძემ. მან განაცხადა, რომ 28 ნოემბრის აქციაზე ნასროლი ქვის გამო მარჯვენა თვალი დაუზიანდა, რის შედეგადაც მხედველობა თითქმის სრულად დაკარგა. ვის მიერ ნასროლი ქვით დაზიანდა, არც მას დაუნახავს.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურას 7 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი.
აქციებისას დაკავებულ 11 პირს, რომელთა საქმეც ერთ წარმოებად განიხილება, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.