მთავარისაქართველო„ვთხოვეთ საქართველოს, დაგვახლოებოდა, მაგრამ ჩვენი ხმა სრულად უგულებელყვეს" - პაველ ჰერჩინსკი

„ვთხოვეთ საქართველოს, დაგვახლოებოდა, მაგრამ ჩვენი ხმა სრულად უგულებელყვეს” – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ” უგულებელყო ევროკავშირის თხოვნა და მოწოდებები, პატივი ეცა დემოკრატიული პრინციპებისთვის.

„რასაც ჩვენ ვხედავთ ისაა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გადადგმული ნაბიჯები, მიღებული გადაწყვეტილებები და კანონები ამ პრინციპების საწინააღმდეგოა და ამის შესახებ საუბრობენ სხვა ევროპელი ლიდერებიც. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს, რომ არ გაეკეთებინა ეს და დაგვახლოებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ხმა სრულად უგულებელყვეს. უფრო უარესიც, რაც ჩვენ საქართველოში ბოლო თვეებში ვნახეთ, არის დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და სრული დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებიც დემონსტრანტებს ქუჩაში სცემდნენ“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ევროკავშირი არის ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული ალიანსი, რომელიც ღიაა გაფართოებისთვის.

„საქართველო იყო ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელმაც ფორმალურად ევროკავშირში გაწევრების სურვილი გამოთქვა. ზუსტად იმავე მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ, 2022 წელს ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადი შემოიტანა. აქ გამომგზავნეს, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, რათა პროცესში დაგხმარებოდით და დავრწმუნებულიყავი, რომ საქართველო გახდებოდა ევროკავშირის წევრი, რაც შეიძლება მალე”,- განმარტავს ელჩი და დასძენს, რომ „ქართულმა ოცნებამ” აიღო პასუხისმგებლობა, პატივი ეცა დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისთვის, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ის ამ პრინციპების საწინააღმდეგოდ იქცევა.

ეს განცხადებები ევროკავშირის ელჩმა გააკეთა სტრატეგიული დიალოგის საჯარო სესიაზე, სახელწოდებით „რუსეთის საფრთხეები და მისი აღქმა – პოლონური, უკრაინული და ქართული გამოცდილებიდან მიღებული გაკვეთილები”.

კონფერენციაზე აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობენ და განიხილავენ ამ საფრთხეებთან ბრძოლის გზებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend