საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატებისა და მთავრობის წარმომადგენლების წინაშე საქმიანობის წლიური ანგარიშით წადგა. მან ყურადღება გაამახვილა გასული ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებსაც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისა და განმტკიცებისთვის აუცილებელი უწოდა.
მანამ კი, ვრცლად ისაუბრა გასული წლების პოლიტიკურ პროცესებსა და მეათე მოწვევის პარლამენტის წინაშე არსებულ, „დაძლეულ გამოწვევებზე”.
მინისტრებისა და „ქართული ოცნების” დეპუტატების შეფასებით, საკანონმდებლო ორგანომ შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით წარმატებით იმუშავა.
„მეათე მოწვევის პარლამენტი უახლეს ქართულ ისტორიაში შემობრუნების წერტილად იქცა, რადგან ის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მტკიცე და გაბედულ კრებულს წარმოადგენდა.
განვლილი ოთხი წელი აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, უცხო გავლენითა და შიდა საქმეებში ჩარევით, დესტრუქციული ჯგუფების მიერ სახელმწიფოს საფუძვლების რყევით, ინტერესჯგუფების მიერ პოლიტიკური ფრონტის გახსნით, ღალატით, დივერსიითა და მტრისა თუ მოყვრის მიერ დაგებული ხაფანგებით!” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.