შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, მდინარე მტკვარში გადავარდა.
უწყების ინფორმაციით, შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე მეხანძრე-მაშველებმა დაიწყეს ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც, შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. შსს-ს ცნობით, მაშველები ცდილობენ სხვა მგზავრების გადარჩენასაც.
„გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.