თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.
მას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადად 30 დღე ჰქონდა განსაზღვრული. ვადა 8 მაისს ამოიწურა. დღეს კი, 14 მაისს, ბრალდების მხარემ გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ნინო თარაშვილმა დააკმაყოფილა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
ირაკლი ოქრუაშვილს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. იგი წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს. ოქრუაშვილმა მისვლაზე უარი განაცხადა.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ჯარიმით, თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთით, სამ წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ისჯება.