კატეგორიები

„ამ კვლევამ დაგვანახა წამების მასშტაბურობა“ – ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

„ამ კვლევამ დაგვანახა წამების მასშტაბურობა“ – ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ
მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენება, წამება, ღირსების შელახვა და არაადამიანური მოპყრობა – ეს, და მრავალი სხვა ფაქტი აღნუსხა 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.

„ამ კვლევამ დაგვანახა წამების მასშტაბურობა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განახორციელა. ასევე, წამების სისტემატურობა. ის, რომ მოქალაქეებს სხვადასხვა ადგილას, იდენტური მეთოდებით აწამებდნენ, სასტიკად უსწორდებოდნენ, ემუქრებოდნენ მოკვლით, გაუპატიურებით, ოჯახის წევრებისა და მცირეწლოვნების გაუპატიურებით“ – განაცხადა „საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დირექტორმა, ლელა ცისკარიშვილმა.

სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესების დინამიკა გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო, ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს. მათივე შეფასებით, არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს სახელმწიფო ინსტიტუტების ნაკლები ეფექტიანობა, ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიებისა და ძალადობაში მხილებული პირების პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით.

„ძალიან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, როგორებიცაა მაგალითად ე.წ. „საწამებელი მანქანების“ ექსპერტიზა, კომპიუტერული ექსპერტიზა, არ არის ამოღებული არც კამერების და არც რაციების ჩანაწერები. ეს ყველაფერი არ არის ჩატარებული. ასევე, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული და, როგორც წესი, მიზეზები ან ურთიერთგამომრიცხავი ან ურთიერთსაწინააღმდეგოა“, – თქვა უფლებადაცვითი ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ პროექტების კოორდინატორმა, ხატია რეხვიაშვილმა.

უფლებადამცველების თქმით, როგორც ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო, ისე პროევროპული დემონსტრაციების დაშლისას, სახელმწიფომ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონმდებლობა დაარღვია, რადგან მეტწილად აქციის დაშლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

იურისტები პრობლემად ასახელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხმოვანი გაფრთხილების დაგვიანებით გამოყენებასაც.

„დაძაბულობა ძირითადად იქმნებოდა პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, რაც, ხშირ შემთხვევაში, გამოწვეული იყო თავიდანვე [აქციის დაწყებამდე] დიდი რაოდენობით პოლიციის მობილიზებით, როცა ამის საჭიროება არ იყო. სამართალდამცველები პროვოცირებდნენ აქციის მონაწილეებს. უკანონოდ აკავებდნენ მათ ე.წ. „პირველ ხაზებში“ და მათ მიმართ პირდაპირ იყენებდნენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის სახეში ე.წ. „წიწაკის სპრეის“ ასხამდნენ“, – თქვა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მკვლევარმა და იურისტმა, თამთა წვერაიძე, რომელმაც ასევე იმუშავა სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ ანგარიშზე.

ანგარიშში ვრცელი თავი ეთმობა დაკავებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. უფლებადამცველთა თქმით, სახელმწიფო მათ წინააღმდეგ სადამსჯელო მეთოდებს იყენებდა, რაც განზრახ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, ასევე, პოლიტიკურ, ეთნიკურ, ჰომოფობიურ და გენდერულ ნიადაგზე შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.

„მოძალადეთა მხრიდან, ძალადობის მთავარი სამიზნე იყო სახე. ადამიანი როცა ქუჩაში გაივლიდა, მის მეგობრებს, ნათესავებს უნდა დაენახათ, რა მოუვიდა მას აქციაზე, რა გამოიარა და თუ მათაც არ უნდოდათ იმავეს გამოვლა, ისინი არ უნდა მოსულიყვნენ დემონსტრაციაზე… „კი, ვიცით, აქციაზე მოსვლა კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ნაკლებად გვაინტერესებს ეს. აქ მოხვალ, წინააღმდეგობას გაუწევ იმ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს, დაგემართება იგივე ან უარესი“ – ეს იყო სახელმწიფოს მიზანი“, – ამბობს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მთავარი იურისტი გიორგი დავითური.

სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივ ანგარიშში საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სპეციალური საშუალებების გამოყენების გრძელვადიან შედეგებზეც. დოკუმენტის თანახმად, კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა უმრავლესობა სხვადასხვა სიმპტომს უჩიოდა, მათ შორის სუნთქვის უკმარისობას, თავბრუსხვევას, თავის ძლიერ ტკივილს, მხედველობის დაქვეითებასა და ნერვული სისტემის პრობლემებს. იურისტთა შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნისა და საერთაშორისო კანონმდებლობის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა მაშინაც, როცა მასობრივი თავშეყრის ადგილას გამოყენებული ქიმიური საშუალებების შესახებ ინფორმაცია დაუმალა როგორც დაზარალებულებს, ისე მედიკოსებსა და უფლებადამცველებს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უცნობ ქიმიურ საშუალებებზე, რაც ძალიან უარყოფითად აისახება მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მათ, სულ მცირე, უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რა ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული [აქციაზე]. ჩვენ გვქონდა იმ პირებთან ინტერვიუები, ვინც საკუთარ თავზე განიცადა ფიზიკური ტკივილი და ჯანმრთელობის გაუარესება“, – განაცხადა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარმა, თათია კონიაშვილმა.

გარდა დემონსტრაციების დაშლის მეთოდებისა, ანგარიშში პრობლემადაა დასახელებული საკანონმდებლო რეგულაციებიც. იურისტთა შეფასებით, პროტესტის ჩასახშობად „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რისთვისაც დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში.

მათ შორის, ათჯერ გაზარდა ჯარიმები გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის, ხოლო გარკვეული საგზაო მონაკვეთები სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტთა ნუსხაში შეიყვანა. მოქალაქეთა დასაჯარიმებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუჩებში დამონტაჟებულ ვიდეომეთვალყურეობის კამერებს იყენებს, რა დროსაც, იურისტთა თქმით, მათ პერსონალურ ინფორმაციას მოიპოვებს.

„რა თქმა უნდა, ესეც არის კონტროლის მექანიზმი და ამით სახელმწიფო უწყებები გვეუბნებიან, რომ ისინი ყოველთვის გვითვალთვალებენ. ეს მხოლოდ აქციის მიზნებიდან და იმ მიზნებიდან გამომდინარე, როგორ მიმდინარეობს აქცია არ უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან ამ დროს, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს სხვადასხვა პერსონალური ინფორმაციის მოპოვება… პერსონალურ მონაცემთა სამსახურს უნდა ჰქონდეს იმის ინტერესი, როგორ მუშავდება ეს მოპოვებული ინფორმაცია…“, – თქვა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარმა, თათია კონიაშვილმა.

ვიდრე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს ასახელებენ, პარლამენტის თავმჯდომარე განსხვავებულ მოცემულობაზე საუბრობს.

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში „კონსტიტუციური წყობილების დამხობის უკიდურესად ძალადობრივი მცდელობა“ პროტესტის მონაწილეთა ჯანმრთელობის „გრძელვადიანი კვალის დამჩნევის“ გარეშე აღკვეთა.

თუმცა, ვიდეოკამერებით გადაღებულ კადრებში ჩანს მედიის წარმომადგენლებსა და დემონსტრანტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ათობით ფაქტი, ხოლო სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ნასროლი ცრემლსადენი გაზის კაფსულის სროლის შედეგად, ერთ-ერთი მოქალაქისთვის დაქვეითებულ მხედველობას თავად ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები