მთავარისაქართველოაქციებისას დაკავებული რვა პირის საქმეზე კიდევ ხუთი პოლიციელი გამოიკითხა

აქციებისას დაკავებული რვა პირის საქმეზე კიდევ ხუთი პოლიციელი გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესზე, რომელიც თითქმის ექვს საათს გაგრძელდა, კვლავ ბრალდების მოწმეებს მოუსმინეს.

14 მაისსაც, ისევე როგორც წინა სასამართლო პროცესზე, პროკურატურის მოწმე პოლიციელებიდან, რომელთაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ, სასამართლოსთვის არცერთს უთქვამს, რომ მათ ზიანი საქმეში ბრალდებულთაგან რომელიმემ მიაყენა.

სხდომაზე გამოკითხულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა, საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ივანე კაპანაძემ თქვა, რომ რომ საპროტესტო აქციაზე ხელი დაუზიანდა და იმდენად ძლიერი სისხლდენა დაეწყო, რომ ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა, თუმცა ტანსაცმელი, რომელიც აქციაზე ეცვა და რომელზეც სისხლის კვალი უნდა ყოფილიყო, საგამოძიებო ორგანოში არ მიუტანია. პოლიციელი ამბობს, ტანსაცმელი სახლში აქვს და მომხდარის შემდეგ რამდენჯერმე გარეცხა.

პოლიციელმა ნიკოლოზ ხურცილავამ კი სხდომაზე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე სახეში ქვა მოხვდა, რის შემდეგაც სისხლდენა დაეწყო. მისივე განმარტებით, ექიმებმა მას ექვსი ნაკერი დაადეს. როგორც პროკურატურის მოწმე ამბობს, საავადმყოფოში ოპერატიული მანქანით მივიდა, თუმცა ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა სასამართლოში წარადგინა სამედიცინო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, პოლიციელი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებამ შეიყვანა.

ამ სისხლის სამართლის საქმეში სამ ბრალდებულს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9 წლამდე, დანაშაულში მონაწილეობაში ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალს არცერთი მათგანი არ აღიარებს.

საქმეზე მომდევნო სხდომა 23 მაისს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend