საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია სპეციალური განცხადება, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ იქნება მიღებული.
ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის, ფრაქცია “ქართული ოცნებისა“ და პარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელების მიერ არის შემუშავებული.
ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს 13 მაისის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ დოკუმენტით ამხელენ MEGOBARI აქტის რეალურ მიზნებს.
„პარლამენტში ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფების მონაწილეობით პარლამენტის განცხადება მომზადდა, რომელიც ამ ე,წ. მეგობარ აქტს ეხება. განცხადებაში მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით.
ე.წ. მეგობარ აქტს სახელი თავადაც შეუცვალეს. რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ ყველაფერი იყო, გარდა მეგობრობისა. ის დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის იმ რეალობის ამოყირავება, რაც საქართველოში არის.
ჩვენი მიზანია არგუმენტებზე და მყარ ფაქტებზე დაყრდნობით ყველას ვაჩვენოთ თუ რა არის რეალობა და ჩვენი შეფასება გავაკეთოთ. რაც ჩვენ აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში მიღებული “მეგობარი აქტის“ სახით ვნახეთ, ეს მეგობრობის ყოველგვარ გაგებას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.