თბილისი ვაშინგტონს ახლა უკვე ღია წერილით მიმართავს. კომუნიკაციას, რომელიც მანამდე შედგა, თავად ასე განმარტავს ირაკლი კობახიძე:
„რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით, ქართულ- ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით… თუმცა პასუხი ჩვენს წერილზე არ მიგვიღია…”
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვრცელი მიმართვის ადრესატები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი არიან. ირაკლი კობახიძე გაკვირვებულია ვაშინგტონის დუმილით და ამერიკის ადმინისტრაციას ახსენებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის ფარგლებში გაწეულ მხარდაჭერას, ასევე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაჩვენებლებს.
„საქართველო მხარში ედგა აშშ-ს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით, ჩვენმა ქვეყანამ აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ-ს ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ დახმარებას მრავალჯერ აღემატება…
საერთაშორისო რეიტინგების თანახმად, საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. საქართველოს ლიდერობას ადასტურებენ ისეთი ინსტიტუტებიც, რომელთა მიმართ თქვენს ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნდობა აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ, თუნდაც, ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არა აქვს…“ – წერს ირაკლი კობახიძე Facebook გვერდზე.
ღია წერილში ოთხჯერაა ნახსენები რევოლუციური სცენარი, ხოლო შვიდჯერ – ე.წ. „დიფ სთეითი“, რომლის დამარცხებაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვისთვის აუცილებელ წინაპირობად არის დასახელებული.
„ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ…
მიუხედავად იმისა, რომ კითხვები კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის „დიფ სთეითის“ დამარცხებით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის.
ირაკლი კობახიძის მიმართვას პროტოკოლთან შეუსაბამოსა და „სრულ სასოწარკვეთას“ უწოდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, გლობალური გამოწვევების ფონზე, დონალდ ტრამპი ღია წერილსაც უპასუხოდ დატოვებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი პრემიერ-მინისტრის მსგავსს რიტორიკას კონგრესის მიერ MEGOBARI აქტის მიღებას უკავშირებენ…“ – დაწერა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის მიმართვას პროტოკოლთან შეუსაბამოსა და „სრულ სასოწარკვეთას“ უწოდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, გლობალური გამოწვევების ფონზე, დონალდ ტრამპი ღია წერილსაც უპასუხოდ დატოვებს.
„არ ვიცი ვინ დაუწერა, არ ვიცი რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ აქ ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთა. ეს ალბათ პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა და ვერც ვერაფერს დაალაგებს. ის ვერც „MEGOBARI აქტის“ შედეგებს დაალაგებს და ცხადია, რომ ძალიან დიდი ნერვიულობაა „ქართული ოცნების“ რიგებში. ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი. ძალიან მაინტერესებს ოდესმე თუ წაიკითხავს ამას ამერიკის პრეზიდენტი. ალბათ დღეს ამისთვის არ სცალია, ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი“, – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან გამართულ ბრიფინგზე.
მსგავსად აფასებენ ირაკლი კობახიძის ღია წერილს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც და მის რიტორიკას კონგრესის მიერ „MEGOBARI აქტის“ მიღებას უკავშირებენ.
„ეს განკუთვნილია იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთ მარცხს შეაგუოს. „ქართული ოცნება” „MEGOBARI აქტით” განწირულია და ამავდროულად, სურთ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა, რომელსაც ისინი რუსეთის მიმართულებით აპირებენ შესაბამისად, ეს სრულად შიდა მოხმარების დოკუმენტია და გამოხატავს ძალიან სუსტ პოზიციას დასუსტებული რეჟიმის. მათ საერთაშორისო ასპარეზზე ფაქტობრივად არავინ ელაპარაკება“ – თქვა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გია ბარამიძემ ხაზი გაუსვა „ქართულ ოცნებასა“ და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის თანხვედრის არარსებობას.
„სულ ცოტა დრო დარჩა, როცა ისინი გამოაცხადებენ, რომ „აი, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც „დით სთეითთან” ბრძოლაში დამარცხდა”. მარტო ესენი არ დამარცხდნენ და ამათზე არაფერი „დიფ სთეითი” არ მოქმედებს, თორემ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ყველა სხვა „დიფ სთეითმა”, იმ ვიღაცა ყოვლის შემძლემ, დაამარცხა,“ – ამბობს გია ბარამიძე.
ოპონენტებისგან განსხვავებით, წერილის კრიტიკული ტონით კმაყოფილია მამუკა მდინარაძე. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისთვის გაურკვეველი მხოლოდ ის არის, თუ რატომ არ ისმის ვაშინგტონიდან მმართველი პარტიის მხარდამჭერი განცხადებები იმ ფონზე, როცა ე.წ. „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით პოზიციათა თანხვედრაა. მისი თქმით, ჩნდება კითხვა, ხომ არ აქვთ საქმე ორმაგ სტანდარტებთან.
„ძალიან კარგია, მათ შორის, საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩემს, თქვენს, ჩვენს ქვეყანას შეუძლია. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება, მესიჯები გახმოვანებული მათ მიერ და გაცილებით ადრე ჩვენ მიერ, ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე…“ – თქვა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
ვაშინგტონისგან პასუხის მოლოდინში მყოფი „ქართული ოცნება“ თავად აპირებს, მოამზადოს MEGOBARI აქტის საპასუხო სპეციალური განცხადება. ინიციატივის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია. საკანონმდებლო ორგანო ინიციატივის განხილვას 14 მაისს დაიწყებს.