„მონტესორის ბაღი“ – ამ სიტყვების ერთიანობა, მართლაც, ყველაზე ზუსტად გამოხატავს მარია მონტესორის ფილოსოფიასა და ბავშვის აღზრდის კონცეფციას. „პედაგოგები და მშობლები ბავშვებს ისე უნდა ექცეოდნენ, როგორც მებაღეები თავიანთ მცენარეებს“ – ეს მარია მონტესორის სიტყვებია. ქალის, რომლისთვისაც ბავშვები მართლაც ყვავილები იყვნენ, ლამაზი და ნაზი ყვავილები, სიხარულისა და ბედნიერების მომტანი, მაგრამ მყიფე და სათუთი, რომელთა მოწყენა და ყურების ჩამოყრა მომავალი პრობლემების სათავედ შეიძლება იქცეს.
მაგრამ „დაცვა“, მარია მონტესორისათვის სრულიად სხვა შინაარსის მატარებელია – „ბავშვები, რომლებსაც პატივისცემით ეპყრობიან და მხარს უჭერენ, ემოციურად უფრო მდგრადები არიან, ვიდრე ისინი, რომელთაც მუდამ ყველაფრისგან იცავენ“, – ამბობდა იგი.
საქართველოში მალე პირველი ოფიციალური მონტესორის საბავშვო ბაღი გაიხსნება – „მონტესორი უნივერსი“. ბაღის პრეზენტაციაზე მონტესორის ფონდის პრეზიდენტმა ტიმ სელდინმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სწავლების თეორიის პრინციპებზე ისაუბრა, ასევე უნიკალურ მეთოდოლოგიასა და პედაგოგიურ მიდგომებზე. ბაღის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ კი ქართულ საზოგადოებას „მონტესორი უნივერსის“ საგანმანათლებლო პროგრამა გააცნო.
„მონტესორი ბავშვებს ასწავლის, როგორ იფიქრონ სიღრმისეულად, როგორ ისწავლონ საფუძვლიანად და თან სიხარულით. ისინი სწავლობენ არა მასწავლებლის მიერ შერჩეული ტემპით, არამედ მათ ირგვლივ მყოფი სხვა ბავშვებისგან ან უფროსებისგან მიღებული სტიმულით. სწავლობენ, როგორ იყვნენ დამოუკიდებლები, მოტივირებულები და პასუხისმგებლიანები“, – ამბობს ტიმ სელდინი.
მთელ მსოფლიოში იშვიათად იპოვით მშობელს, რომელმაც მარია მონტესორის სახელი არ იცის. დოქტორი მარია მონტესორი, აღმზრდელი და მკვლევარი… ქალი, რომელმაც ბავშვის სილაღისა და თავდაჯერებულობის გასაღებს მიაგნო და იგი უამრავ მშობელსა და აღმზრდელს გაუზიარა.
„ისეთ ცნობილ ადამიანებს აქვთ მონტესორის ბაღი დამთავრებული, როგორებიცაა გაბრიელ გარსია მარკესი, პრინცი უილიამი და ჰარი, ჯეფ ბეზოსი… ამ მეთოდოლოგიის ფუძე ისაა, რომ ცნობისმოყვარე, პასუხისმგებლობით აღსავსე და თავისუფალი ბავშვი აღზარდოს“, – ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე, „მონტესორი უნივერსის“ თანადამფუძნებელი.
მე-19 საუკუნის ბოლოს იტალიელმა მარია მონტესორიმ თავისუფლებაზე, თვითშემეცნებასა და ინდივიდუალურ განვითარებაზე ორიენტირებული აღზრდის მეთოდი შეიმუშავა – შექმნა თეორია, რომლის საფუძველიც არის რწმენა, რომ ბავშვები ბუნებრივად მკვლევრები არიან და რომ მათ თავის გამოვლენასა და სწავლაში მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. 1988 წელს იუნესკომ მონტესორი იმ ოთხ პედაგოგს შორის ერთადერთ ქალად დაასახელა, ვინც ყველაზე დიდი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის პედაგოგიკაზე.
„ეს მიდგომა ითვალისწინებს ბავშვის ინდივიდუალურ უნარ-ჩვევებზე ორიენტირებულ აღზრდის მეთოდებს. ეს არ არის ზოგადი კანონები, რომელთა მიხედვითაც, ყველა ბავშვი ერთნაირად უნდა აღიზარდოს, არამედ თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებზე დაყრდნობით ბავშვის საუკეთესო უნარების გაძლიერებას მოიცავს“, – ამბობს ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი ნანა ტატიშვილი.
მონტესორის ბაღი სექტემბერში გაიხსნება. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ბაღი 180 ბავშვზე იქნება გათვლილი.