„ევროკავშირი გაფართოების პროცესის განახლებას გეგმავს” – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ ევრონიუსთან ინტერვიუში.
მისი თქმით, გაერთიანების პრიორიტეტი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების შემოერთებაა. სწორედ ამ ძალისხმევის ფარგლებში იგი სამშაბათს, 13 მაისს, დასავლეთ ბალკანეთში გამგზავრებას გეგმავს, რათა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სამიტს უმასპინძლოს და დაადასტუროს ბლოკის ერთგულება გაფართოების პოლიტიკის მიმართ.
რეგიონში ტურნეს დაწყებამდე კოშტამ კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარების პროცესის სისრულეში მოყვანისკენ მოუწოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპული ინსტიტუტების მიერ ხშირად ხაზგასმული ვადა – 2030 წელი, რომელიც მომდევნო გაფართოების ტალღის თარიღად მოიაზრება – მისთვის პირობითია. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, გაწევრების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ქვეყნები, ვალდებულებებს უფრო ადრე შეასრულებენ, ისინი ბლოკში გაწევრებას 2030 წლამდეც შეძლებენ.
„ვფიქრობ, გაფართოების პროცესი ევროკავშირის მხრიდან ნდობის განმტკიცებას საჭიროებს, განსაკუთრებით ბალკანეთის ქვეყნებში. მესმის, რომ 10 და 20-წლიანი ლოდინის შემდეგ მათი ნდობა შესუსტებულია. ასე რომ, ჩემი ვიზიტის მიზანი სწორედ ამ რწმენის განმტკიცებაა და იმის თქმა, რომ დიახ – შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ევროკავშირი ნამდვილად ერთგულია გაფართოების იდეის. ამისთვის საჭიროა შიდა რეფორმების გატარების პროცესის დასრულებაც.
გასულ კვირას ჩვენ, ევროპული კავშირისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯის, შუმანის დეკლარაციის 75-ე იუბილე აღვნიშნეთ. სწორედ ისტორიული ჭრილობების დაძლევის სურვილი გახდა ის, რამაც რეალურად შექმნა ევროკავშირი”, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ.
პასუხად შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს სერბეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტზე 9 მაისის საზეიმო ღონისძიებებისთვის, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია პრეზიდენტ ვუჩიჩის ერთგულებაში აუცილებელი რეფორმების გატარებისადმი.
„სამი კვირის წინ მქონდა შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მესაუბრა ურსულა ფონ დერ ლაიენსა და პრეზიდენტ ვუჩიჩთან. აშკარაა მისი ერთგულება ახალი მთავრობის ფორმირების და სამი აუცილებელი რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით. ეს ეხება პირველ რიგში საარჩევნო კანონმდებლობას, მეორე – პრესის თავისუფლებასა და ასევე კორუფციასთან ბრძოლას. არსებობს ფართო პოლიტიკური კონსენსუსი იმის შესახებ, რომ გაფართოება ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინვესტიციაა, რომელიც მთელი ევროპის, განსაკუთრებით კი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის შეგვიძლია განვახორციელოთ”, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.