ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო „პრეზიდენტმა“ ბადრა გუნბამ რუსულ სახელმწიფო გამოცემა RIA NOVOSTI-სთან ინტერვიუში საქართველოზე ისაუბრა.
მისი თქმით, „აფხაზეთი არავის მიერ არაა ოკუპირებული“ და „ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა“. ბადრა გუნბას განცხადებით, სოხუმსა და თბილისს შორის ნებისმიერი სახის თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს და უარს იტყვის სამხედრო ძალის გამოყენებაზე.
„საქართველოს პოლიტიკური ელიტა ვერ შეეგუა რეალობას. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვკითხოთ, არიან თუ არა ოკუპირებულნი. ჩვენ თავისუფლები ვართ, ვავითარებთ კულტურასა და ტრადიციებს. სწორედ ესაა დამოუკიდებლობა. საქართველოს განცხადებები პოლიტიკურია. თბილისთან დიალოგი მხოლოდ რეალობის აღიარებისა და „ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ჩვენი პრიორიტეტია ჩვენს ყველა მეზობელთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. ჩვენ გვინდა კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან. მათმა ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს – მათ წინაშეა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც არც ომი და არც კონფლიქტი არ სურს. ეს პრიორიტეტი ჯერ კიდევ ვლადისლავ არძინბას „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ ფარგლებში დავისახეთ მიზნად და ის არ შეიცვლება“, – განუცხადა ბადრა გუნბამ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებას.
ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო „პრეზიდენტები“ 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმს დაესწრნენ. 10 მაისს ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ კრემლში, სადაც ოკუპირებულ რეგიონებსა და მოსკოვს შორის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
კრემლში მიღებისას ბადრა გუნბამ რუსეთის პრეზიდენტი სოხუმში მიიწვია. მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში დე-ფაქტო „ლიდერები“ არაფორმალურად შეხვდნენ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასაც.