გერმანიის ლიდერი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან.
როგორც მოსალოდნელია, მერცი და ტუსკი ევროკავშირისა და საერთაშორისო დღის წესრიგს, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ ორმხრივ კავშირებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე.
მერცმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და პირობა დადო, რომ იმუშავებს მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებაზეც.
ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ არსებობს ევროპული ქვეყნების – დანიის, ნიდერლანდებისა და იტალიის ინიციატივა, რომელსაც ბევრი ქვეყანა უერთდება, რადგან ის ევროპის თავშესაფრისა და მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირდება. ფრიდრიხ მერცის მთავრობაც შეუერთდება ამ ინიციატივას. ისინი ეცდებიან, ერთად გადაწყვიტონ, რადგან, მისი თქმით, ცხოვრობენ ისეთ სამყაროში, სადაც მხოლოდ ევროკავშირის ერთიანობით შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევებს. იგი დასძენს, რომ ახალი ფედერალური მთავრობის მიზანიც სწორედ ეს არის.
მიგრაცია გერმანიის წლევანდელი ფედერალური არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო.
კამპანიის მიმდინარეობისას მერცმა პირობა დადო, რომ უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის დროს როგორც გერმანიაში, ისე ევროკავშირში.