შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო. სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს იყო ჩანიშნული.
„ბათუმელების“ ცნობით საქმის მასალები მზია ამაღლობელს 5 მაისს ჩაბარდა და რადგან ადვოკატები საქმის გაცნობას ვერ ასწრებდნენ, ჟურნალისტმა ციხიდან გამოგზავნილი წერილით სხდომის გადადება მოითხოვა. მოსამართლე მარინა ფომაევამ საქმის განხილვა 9 ივნისისთვის გადადო.
მზია ამაღლობელს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე, სტიკერის გაკვრას ედავება.
საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა აღძრული, რაც „თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებურ შეცვლას“ ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ სტიკერის გაკვრის ეპიზოდთან დაკავშირებით მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე სასამართლომ უკვე განიხილა და მოსამართლე სალიხ შაინიძემ ჟურნალისტი 2000 ლარით დააჯარიმა.
მაშინ ბრალდება მზია ამაღლობელს „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას“ ედავებოდა.
რაც შეეხება ჟურნალისტის სისხლის სამართლის საქმეს – საქმეზე მომდევნო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 8 მაისს გაიმართება.
სხდომაზე საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელი, ირაკლი დგებუაძე უნდა გამოიკითხოს. სწორედ დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო ედავება პროკურატურა ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
