საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
პროცესზე პროკურატურის ხუთი მოწმე დაიკითხა – მათ შორის ის პოლიციელები, რომელთაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ. მომდევნო სხდომა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 14 მაისს ჩანიშნა. საქმის განხილვა მომდევნო კვირაში კვლავ ბრალდების მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდება.
პროკურატურა სამ ბრალდებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9 წლამდე, დანაშაულში მონაწილეობაში ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
