მთავარიევროპავატიკანივატიკანში ახალი პაპის ასარჩევად ემზადებიან - 7 მაისს კონკლავი იწყება

ვატიკანში ახალი პაპის ასარჩევად ემზადებიან – 7 მაისს კონკლავი იწყება

6 მაისს კარდინალები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთხელ, და ახალი, 267-ე პაპის ასარჩევად კონკლავის დაწყებამდე უკანასკნელად შეიკრიბნენ. კონკლავი 7 მაისს იწყება – კარდინალებმა კათოლიკური ეკლესიის ახალ მეთაურს კენჭი უნდა უყარონ და შემდეგი პაპი აირჩიონ.

133 კარდინალი 70 სხვადასხვა ქვეყნიდან განსხვავებული შეხედულებებითა და მიდგომებით, ყველაზე მნიშვნელოვანზე შეთანხმებულია: მათი შეფასებით, ეკლესიას სჭირდება პაპი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში, და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ეკლესიას უფრო მნიშვნელოვანსა და სანდოს გახდის.

ეს კი ადვილი საქმე ნამდვილად არ არის – არაერთი სკანდალის შემდეგ, რომელმაც ბოლო წლებში მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, კათოლიკური ეკლესიის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა.

გარდა ამისა, რთულია ვატიკანის ფინანსური მდგომარეობაც, რაც ეკლესიის მეთაურობას კიდევ უფრო რთულ ამოცანად აქცევს.

7 მაისის შუადღეს კარდინალები ახალი პაპის არჩევის პროცესს ოფიციალურად დაიწყებენ. ისინი სიქსტეს კაპელაში, მიქელანჯელოს „განკითხვის დღის“ ქვეშ ფიცს დადებენ, რომ არჩევნების მკაცრ წესებს დაიცავენ და ახალ პაპს კენჭს იქამდე უყრიან, ვიდრე რომელიმე კანდიდატი ხმათა ორ მესამედს არ მიიღებს. ეს 89 კარდინალის ხმაა.

პირველი დღის შემდეგ ახალ პაპს კენჭს ყოველ მომდევნო დღეს, დღეში ორჯერ – დილით და საღამოს უყრიან. როცა სულ მცირე 89 კარდინალი უპირატესობას ერთ კანდიდატს მიანიჭებს, კონკლავიც დასრულება და როცა ეს მოხდება, მსოფლიოს თეთრი კვამლი ახალი პაპის არჩევას ამცნობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend