2025 წლის 2 თებერვალს თბილისის გასასვლელთან გამართული საპროტესტო აქციის დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების საქმეზე სამოქალაქო ორგანიზაციების ბრიფინგი გაიმართა.
მათი შეფასებით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების დაჩქარებული წესით შეტანითა და აქციის ჩატარების ადგილის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად გამოცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” რეპრესიული მექანიზმები გააძლიერა.
„აღნიშნულის მიზანი იყო აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და ამ გზით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, პროტესტის მუხტის შემცირება“, – განაცხადეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.
უფლებადამცველებმა ისაუბრეს 2 თებერვლის დემონსტრაციისას, სისხლის სამართლის წესით დაკავებული რვა პირის საქმეზეც. მათი თქმით, დაკავებულთა მიმართ მტკიცებულებების მოპოვების დროს მნიშვნელოვნად დარღვეულია კანონმდებლობა, მათ შორის შესაბამისი ვადები და პროცედურები.
„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირის დაკავება დაუშვებელია 72 საათზე მეტი ვადით. ამ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული რვავე პირი დაკავებული იყო 72 საათზე მეტი ვადით – ჯერ ადმინისტრაციული, ხოლო შემდეგ სისხლის სამართლის წესით… მათგან 7 დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ხოლო ერთი – მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე“, – ნათქვამია სამოქალაქო სექტორის განცხადებაში.
„კანონის უზენაესობის ცენტრის“ დირექტორმა ლონდა თოლორაიამ ისაუბრა დაკავებულ პირთა საქმეებში არსებულ მტკიცებულებებზეც.
„საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ერთ-ერთ პირს აკავებენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფორმაში ჩაცმული თანამშრომლები, თუმცა ადმინისტრაციული დაკავების ოქმისა და საქმეში დაკითხული პოლიციის თანამშრომლის ჩვენების თანახმად, იგი დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ბრიფინგზე დასახელდა 7 პირის, მათ შორის პროკურორებისა და მოსამართლეების ვინაობა, ვინც, სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადებით, ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული დაუსაბუთებელი შუამდგომლობები დააკმაყოფილა.
2025 წლის 2 თებერვალს სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან” მოქალაქეები ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
აქციამდე 3 დღით ადრე, 31 იანვარს, „ქართულმა ოცნებამ” თბილისის შემოსასვლელი და გასასვლელი გზები სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტთა ნუსხაში შეიყვანა, მათი ბლოკირება კი სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად გამოაცხადა.
