საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა. მან აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის” მიღებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია და ეს აშშ-ის, როგორც მეგობრის პასუხია. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დასანქცირდებიან ის პირები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე არიან პასუხისმგებლები.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველო აშშ-თან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას განაახლებს.
„ამერიკაში „MEGOBARI აქტის“ მიღება ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ვერ ვიტყვი, რომ უნდა გვიხაროდეს დღეს ეს იმის გამო, რომ რეალურად საქართველოს მიმართ არის ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ დასანქცირდებიან ის პირები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში. ამას შევცვლით, როცა რეჟიმს შევცვლით. ეს რეჟიმი დასასანქცირებელია, სხვა გამოსავალი არ არის და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ეს იციან. არ შეიძლება საქართველოდან ოფიციალური პირები აშშ-ს აბრალებდნენ ხან „ომის პარტიობას”, ხან „დიფ სთეითობას“ და ხან რას და ხან რას, ეს არის მიუღებელი! ეს არის აშშ-ის, როგორც მეგობრის პასუხი. ჩვენ მეგობარს დავიბრუნებთ, როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეგობარი აქტის გარდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა ბრიფინგზე 9 მაისის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ქუჩებში ბევრი ადამიანი გამოვიდეს, რათა ხალხმა კიდევ ერთხელ თქვას, რომ მათი არჩევანი ევროპაა. სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ დღევანდელ შეხვედრაზე განხილულ თემებზეც.
„მნიშვნელოვანია, ერთად ვიყოთ 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და ამასთან, პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე, რომელსაც დღეს ძალიან ნათლად ვხედავთ ჩვენს ქუჩებში, ჩვენს მაღაზიებში, ჩვენს რესტორნებში. სადაც არ უნდა გაიხედოთ, ძირითადად, რუსები არიან, რომლებიც ამ ქვეყანაში კომფორტულად ცხოვრობენ. საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და სამაგიეროდ, რუსები ხეირობენ, მაგრამ ჩვენ 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა ამ რუსიფიკაციას; დავუპირისპიროთ ის ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც თუ რამე მოუვიდა, ჩვენ დავიბრუნებთ”, – განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
