„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აქტივისტ თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცედურების შეჩერებას ითხოვს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თემურ ქათამაძის საქმეში გამოვლენილი პრაქტიკა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება” უკანონოდ იყენებს სამართლებრივ მექანიზმებს იმ ინდივიდების წინააღმდეგ, რომელთა სამოქალაქო აქტივობა ან კრიტიკა მათთვის მიუღებელია.
საიას განცხადებით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გაძევების პროცესის დაუყოვნებლივ დაწყება, სასამართლოს საბოლოო დასაბუთებული დასკვნის გარეშე, თემურ ქათამაძის წინააღმდეგ მიზანმიმართულ რეპრესიაზე მეტყველებს.
თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს 2025 წლის 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ის იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ოს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.
29 აპრილს სააპელაციო სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
