სამთავრობო გუნდში საკადრო ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და გურიაში.
მცხეთა-მთიანეთში დავით ნოზაძე ალექსანდრე ზაგაშვილმა შეცვალა, შიდა ქართლში – ლევან ხარაბაძე სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში – ბესიკ ამირანაშვილი ზაალ გელაშვილმა, გურიაში – გიორგი ურუშაძე გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში – გიორგი დოხტურიშვილი ლევან ხარაბაძემ.
მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რწმუნებულებთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების მნიშვნელობას. მისივე თქმით, საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს.
„რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რეგიონებს ჰყავდეს გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის აპრილში შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ უწყებებად ჩამოყალიბების თაობაზე.
სტრუქტურული ცვლილებები პარლამენტმა 14 აპრილს დაამტკიცა. რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი, ხოლო ინფრასტრუქტურის რევაზ სოხაძე გახდა.