კატეგორიები

„MEGOBARI აქტს” ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ

„MEGOBARI აქტს” ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ

ორპარტიულ საკანონმდებლო დოკუმენტ „MEGOBARI აქტს”, რომელსაც უკვე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერა აქვს ხმათა უმრავლესობით, ქართველ პოლიტიკოსთა ელიტაში სრულად საზეიმო შეფასებები არ მოჰყოლია. წუხილს გამოთქვამს „ქართული ოცნება”.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს არის არა მეგობრული, არამედ არამეგობრული დამოკიდებულება, ახლა მხოლოდ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმედი აქვთ, რომ ის ამ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს.

„ე.წ. მეგობრობის აქტი ყველაფერია გარდა მეგობრობისა. არაერთხელ ვახსენეთ, რომ იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებით. თუ „MEGOBARI აქტი“ ძალაში შევა, მნიშვნელოვნად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს, რაც არაფორმალური ძალების გათვლაც არის. საბოლოო ჯამში, რამდენიმე ეტაპია დარჩენილი, ვიდრე თეორიულად ბოლომდე შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს. ამის იმედს ის განწყობები გვაძლევს, რაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმ ფორმალური თუ არაფორმალური კომუნიკაციიდან გამომდინარე აქვს, რაც ჩვენ მათთან გვქონდა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა.

საზეიმო დამოკიდებულება აქვთ ოპოზიციაში. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ მეგობარ ქვეყანაში ესმით შექმნილი მდგომარეობა და ეს აქტიც ამ გარემოებათა შესაბამისად შემუშავდა. მათივე თქმით, „ქართული ოცნებისა“ და ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებული იქნება.

„დღეს ვნახეთ სამოქალაქო ცხოვრებაში ახალი მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხრიდან, რომელსაც „მეგობარი აქტი“ ჰქვია. პოლიტიკური პარტია და კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ მრავალგზის, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტით აშშ-ში, მაღალი პოლიტიკური რანგის შეხვედრებით მარტივი მოცემულობისთვის, რომ პერსონალური, ინდივიდუალური პასუხისმგებლობები დაჰკისრებოდა ივანიშვილსა და მის რეჟიმს, მის ბანდას იმ ზეწოლისა და ძალადობისთვის, რაც ჩაიდინა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

ეს არის ფიზიკური ანგარიშსწორება, სასამართლო სისტემის განადგურება, სახელმწიფო ინსტიტუტების დევნა, ოპოზიციის დევნა, ოპოზიციური ლიდერების დაკავება, სისხლის სამართლის საქმეები და ასე შემდეგ. ამ ყველა დანაშაულზე, რასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ჩადის საქართველოს დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება. კონგრესის მიერ „მეგობარი აქტის“ დამტკიცება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ყველაფერს“, – განაცხადა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ.

საკითხს გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი. მისი განცხადებით, ამ აქტის მხარდაჭერით, აშშ საქართველოს მიმართ  მეგობრულ დამოკიდებულებას აჩვენებს.

„ამერიკაში „MEGOBARI აქტის“ მიღება ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ვერ ვიტყვი, რომ უნდა გვიხაროდეს დღეს ეს იმის გამო, რომ რეალურად საქართველოს მიმართ არის ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ დასანქცირდებიან ის პირები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში. ამას შევცვლით, როცა რეჟიმს შევცვლით. ეს რეჟიმი დასასანქცირებელია, სხვა გამოსავალი არ არის და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ეს იციან.

არ შეიძლება საქართველოდან ოფიციალური პირები აშშ-ს აბრალებდნენ ხან „ომის პარტიობას”, ხან „დიფ სთეითობასა“ და ხან რას და ხან რას, ეს არის მიუღებელი! ეს არის შეერთებული შტატების, როგორც მეგობრის პასუხი. ჩვენ მეგობარს დავიბრუნებთ, როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახლა კანონპროექტი MEGOBARI აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ კი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ტრამპს გადაეცემა. ხელმოწერის შემთხვევაში აშშ საქართველოსთან მიმართებაში იმ დამოკიდებულებას აირჩევს, რა არჩევანსაც „ქართული ოცნება“ გააკეთებს. დოკუმენტი ორ გზას იძლევა – დაბრუნება დემოკრატიულ პროცესებზე და ბევრი ეკონომიკური თუ პოლიტიკური სიკეთე ქართველ ხალხს, ან პირიქით, პოლიტიკური იზოლაცია და სანქციების გაფართოება.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები