მთავარიევროპაგერმანიაკანცლერი მეორე ცდაზე - ფრიდრიხ მერცი გამარჯვებას ზეიმობს

კანცლერი მეორე ცდაზე – ფრიდრიხ მერცი გამარჯვებას ზეიმობს

მერცის მარცხმა სულ რამდენიმე საათი გასტანა. რთულად დაწყებული დღის ბოლოს სასურველი შედეგი მაინც მიიღო – 325 ხმით გერმანიამ ახალი კანცლერი აირჩია. მილოცვები ბუნდესტაგშივე მიიღო, მათ შორის იმ ოპონენტებისგანაც, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ მის წასვლას და ახალ არჩევნებს ითხოვდნენ.

„ცოტა დაგვიანებით, თუმცა მთელი გულით გილოცავთ არჩევას. გისურვებთ წარმატებებს თქვენს გზაზე. გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სახელით, კონსტიტუციის 63 მუხლის შესაბამისად ბატონ ფრიდრიხ მერცს ვნიშნავ ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე”, – ასე მიულოცა მას დანიშვნა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

მანამდე კი იყო პირველი კენჭისყრა და სიტყვები, რომელთა მოსმენასაც ფრიდრიხ მერცი დღეს ყველაზე ნაკლებად ელოდა, თუმცა მოისმინა.

ფრიდრიხ მერცი პირველი კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ ბუნდესტაგში, ბერლინი, გერმანია, 6 მაისი, 2025 წელი Copyright AP/Marcus Schreiber

„დეპუტატმა ფრიდრიხ მერცმა ვერ მოაგროვა 316 ხმა და საჭირო უმრავლესობა, შესაბამისად,  არ არის არჩეული გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერად”, – თქვა პირველი კენჭისყრის შემდეგ ბუნდესტაგის თავმჯდომარემ იულია კლოკნერმა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის გახდა პირველი, ვისი კანდიდატურაც გერმანიის ბუნდესტაგში პირველ მოსმენაზე ჩავარდა. იმედგაცრუება არ შეიმჩნია, რადგან წინ მეორე მოსმენა და კანცლერობის კიდევ ერთი შანსი ელოდა. კენჭისყრის შემდეგ მმართველი კოალიციისთვის საუბარი დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

„ჩვენ მყარად ვდგავართ და გვესმის, რომ სტაბილურობა გვჭირდება. მსოფლიო ტურბულენტურ მდგომარეობაშია. ევროპას ძლიერი გერმანია სჭირდება, გვჭირდება დაუყოვნებლივი სიცხადე – კოალიცია ვაკუუმში ვერ იქნება, კარგად უნდა გავიაზროთ ჩვენ წინაშე მდგარი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების გენერალური მდივანმა კარსტენ ლინემანმა.

„არ ვარ შეძრული. ეს საპარლამენტო დემოკრატიაა, ეს ლიბერალური ქვეყანაა – ეს კი ის სამწუხარო შემთხვევაა, რომლისთვისაც მზად უნდა იყო. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, თუ როდის ჩატარდება მეორე რაუნდი, რა დროსაც ფრიდრიხ მერცს ისევ ვუყრით კენჭს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას დაამტკიცებენ”, – პროგნოზირებდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ჯოან ვადეპული.

პროგნოზები გამართლდა. ახლა მის წინაშე  სერიოზული გამოწვევაა, საკუთარი კოალიციის წევრები კარგად უნდა გაიცნოს. ქრისტიან-დემოკრატიულ  და ქრისტიან-სოციალისტურ გაერთიანებას არჩევნებში მოპოვებული 28%-ის შემდეგ კოალიციის შექმნა სოციალ-დემოკრატებთან მოუხდათ, რომლებმაც თებერვლის არჩევნებში 16% მოაგროვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ მოსმენაზე ფრიდრიხ მერცს უმრავლესობა ხელთ ჰქონდა, რომ არა 6 ამბოხებული დეპუტატი, ვისი სახელისა და გვარის დადგენაც რთულია, რადგან კენჭისყრა ფარული იყო. მიუხედავად ამისა, მერცმა არათუ საჭირო 316 – მთელი 325 ხმით ვითარება მის სასარგებლოდ შემოატრიალა.

მერცის დროებით ფიასკოს სიხარულით შეხვდნენ ულტრამემარჯვენე პარტიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომლის ექსტრემისტულმა ხედვებმაც ბერლინს მისი აკრძალვის განხილვისკენ უბიძგა.

„გერმანიისთვის კარგი დღეა. მერცი გვერდზე უნდა გადგეს და გზა გაუთავისუფლოს ახალ საერთო არჩევნებს ქვეყანაში”, – თქვა პირველი კენჭისყრის შემდეგ ალის ვაიდელმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის” პარტიის ლიდერმა.

პირველ დარტყმას მერცთან ერთად საფონდო ბირჟაც იგერიებდა. პირველადი კენჭისყრის შემდეგ წამყვანი გერმანული კომპანიების ინდექსები 2%-ით დაეცა.

„დიახ, საფონდო ბირჟა არასწორი მიმართულებით წავიდა. სასწორზე ბევრი რამაა. ბევრს ჰქონდა იმის იმედი, რომ სპეციალური ფონდები ეკონომიკის სტიმულირებას განაგრძობდა… ახლა როდესაც ფრიდრიხ მერცი შესუსტდა, მიუხედავად არჩევნების შედეგისა, ეს დიდი იმედგაცრუებაა საფონდო ბირჟებისთვის. თუ მეორე რაუნდში შედეგი დაიდება, რა თქმა უნდა, ბაზარიც იგრძნობს პოზიტიურ ძვრას“, – თქვა არტურ ბრუნერმა, რომელიც საფონდო ბირჟაზე ICF ბანკს წარმოადგენს.

ოლაფ შოლცისთვის კანცლერის თანამდებობაზე ეს ბოლო წუთებია, ახალი კანცლერის არჩევას წინამორბედი ანგელა მერკელის მსგავსად ისიც ბუნდესტაგში მიმდინარე სხდომაზე ესწრებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend