რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე ასაჯაროებს იმ პირთა სიას, რომელთაც „MEGOBARI აქტის“ საბოლოოდ მიღების შემთხვევაში სანქციები დაუწესდებათ.
სიაში არიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, სუსის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი და იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, სიაშია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან და პოლიტიკიდან 25 აპრილს წასული ირაკლი ღარიბაშვილიც.
საკანონმდებლო ხელისუფლებიდან შესაძლო სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მისი მოადგილე ნინო წილოსანი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, ასევე პარლამენტის წევრები ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე და თეა წულუკიანი.
The MEGOBARI Act has passed the House and all enablers of the America-hating Ivanishvili mafia cabal should be put on notice! Support free and fair elections or face the consequences pic.twitter.com/am795ChdJh
— Joe Wilson (@RepJoeWilson) May 6, 2025
ჯო უილსონის ინფორმაციით, „MEGOBARI აქტის“ დამტკიცების შემთხვევაში სანქციები შეეხებათ მოსამართლეებსაც, მათ შორის მოხვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე.
სიაში დასახელებულთა შორის არიან სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირებიც – გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.
რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებით, სანქციები შეეხებათ ბიზნესმენებსაც, რომლებიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან არიან დაახლოებულნი, მათ შორის არიან უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე და ნოშრევან ნამორაძე.
სიაში პროპაგანდისტებად არიან დასახელებულნი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე, ტელეკომპანია „პოს ტვ-ის“ დამფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე და მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური. „MEGOBARI აქტის“ დამტკიცების შემთხვევაში სანქციები მათაც შეეხებათ.
„MEGOBARI აქტს“ დაახლოებით ერთ თვეში აშშ-ის სენატი განიხილავს, დამტკიცების შემთხვევაში კი, ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტი ოფიციალურად ძალაში შევა.