ევროპაში თავდაცვის ინსტიტუციურ ცვლილებებზე მსჯელობენ – ბრიუსელში დაფუძნებულმა გავლენიანმა ანალიტიკურმა ცენტრმა Bruegel-მა გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ახალი წინადადება ევროპული თავდაცვის მექანიზმის შექმნის შესახებ.
ბრიტანეთში დაფუძნებულმა საერთაშორისო კვლევითმა და ანალიტიკურმა კომპანია YouGov-მა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ისა და ევროპის 5 ქვეყნის 10 000-ამდე მოქალაქემ. ერთ-ერთი კითხვა სავარაუდო მესამე მსოფლიო ომს ეხებოდა. გამოკითხულთა დიდი ნაწილი თვლის, რომ მესამე მსოფლიო ომი მომდევნო 5-10 წლის განმავლობაშია მოსალოდნელი.
კვლევა ჩატარდა საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. გამოკითხვის მიხედვით, ევროპის მოქალაქეებს არ აქვთ იმედი, რომ მათი ქვეყნის შეიარაღებული ძალები შეძლებენ მოსახლეობის ეფექტიან დაცვას.
ევროპაში კი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს ახლა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
ევროკავშირის თავდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად პირველად დაინიშნა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე. ეს გახლავთ გენერალ-მაიორი ანდრე დენკი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელ „იქსზე” გამოაქვეყნა პოსტი.
„მოხარული ვარ, რომ გენერალი ანდრე დენკი დაინიშნა ევროკავშირის თავდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად. დღეს ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებასა და ინოვაციების წახალისებაში სააგენტოს უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. გენერალ დენკის ხელმძღვანელობა ნამდვილად დიდი ძალა იქნება. ველოდები ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას“, – აღნიშნავს კაია კალასი.
ბრიუსელში დაფუძნებულმა გავლენიანმა ანალიტიკურმა ცენტრმა Bruegel-მა წარადგინა ახალი წინადადება ევროპული თავდაცვის მექანიზმის შექმნის შესახებ — ეს უნდა იყოს ერთობლივი თავდაცვის ფონდი. ამ მექანიზმმა შესაძლოა დროთა განმავლობაში ძირეულად გარდაქმნას ევროპის თავდაცვის შესაძლებლობები.
ევროპას სჭირდება სწრაფი გადაიარაღება და საკუთარი სტრატეგიული შესაძლებლობების შექმნა. ექსპერტები ორ გზას განიხილავენ: პროგრესულს, რომელიც ევროპული თავდაცვის სააგენტოს გაძლიერებას გულისხმობს, ან ამბიციურს, რომელიც ევროპული თავდაცვის მექანიზმის (EDM) შექმნას ითვალისწინებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ევროპული თავდაცვის მექანიზმის შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან იგი მოაგვარებს ევროკავშირის სამართლებრივ და ფისკალურ დაბრკოლებებს, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს კი მისცემს ჩართვის შესაძლებლობას.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯების ზრდა დაიწყეს, ახლა, როგორც ჩანს, იმ ინსტიტუციურ ცვლილებებსაც შეეხნენ, რომლებიც ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებას ისახავს მიზნად.