30 წლის შემდეგ პირველად, პირველ მაისს, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდება.
რუსული სამთავრობო მედიის თანახმად, პირველ რეისს ავიაკომპანია „UVT Aero” „ვნუკოვო“ – სოხუმის მიმართულებით შეასრულებს. მათივე ცნობით, პირველი ავიარეისი 3 მაისს უნდა შესრულებულიყო, თუმცა „გაზრდილი მოთხოვნის გამო“, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, პირველ მაისს დამატებითი რეისი დაენიშნა.
სოხუმის მიმართულებით ავიარეისებს ასევე შეასრულებს ავიაკომპანია „iFly” მოსკოვიდან და „NordStar” მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან.
ოკუპირებულ სოხუმსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენას გამოხმაურება მოჰყვა თბილისიდან. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ქართულ მხარეს „პოზიცია არაერთხელ დაუფიქსირებია“.
„საქართველო გმობს აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას და ეს არის არა მხოლოდ ჩვენი პოზიცია, ამას მხარს უჭერს ICAO-ც. ეს არის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ჩვენ გვაქვს მუდმივი დიალოგი და მჭიდრო თანამშრომლობა ICAO-თან და ეს ეწინააღმდეგება ICAO-ს პრინციპებს და ოკუპაციის კანონს, ამაზე სამინისტროს ჰქონდა ყოველთვის მკაფიო პოზიცია, ყოველთვის ჩვენი მხრიდან იყო ღიად დაგმობილი და ჩვენ ამ პოზიციას შევინარჩუნებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და მოსკოვს შორის პირველი საცდელი ფრენა 2025 წლის თებერვალში შედგა.