ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიებით სერბეთის ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ აკუსტიკური ზემოქმედების სპეციალური საშუალებების გამოყენება აუკრძალა.
გადაწყვეტილება შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ 29 აპრილს მიიღო. ეს პრევენციული ზომაა, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო არსებით გადაწყვეტილებას მიიღებს საქმეზე – „დოროვიჩი და სხვები სერბეთის წინააღმდეგ“, რომელიც საპროტესტო აქციაზე აკუსტიკური ზემოქმედების სპეციალური საშუალების სავარაუდო გამოყენებას ეხება.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ამ საკითხზე სერბეთის 47-მა მოქალაქემ მიმართა. ისინი 2025 წლის 15 მარტს ბელგრადში მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ.
დემონსტრაცია დაახლოებით 19:00 საათზე ძლიერმა ხმოვანმა ტალღებმა დაშალა. დემონსტრანტები, რომლებმაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს, ამბობენ, რომ პროტესტის ზოგიერთმა მონაწილემ პანიკის გამო ფიზიკური დაზიანებაც კი მიიღო.
მომხდართან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე 4 000-ზე მეტმა ადამიანმა ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ სერბეთში ანტისამთავრობო გამოსვლები რამდენიმე თვეა გრძელდება.