მთავარიევროპარუმინეთირუმინეთის მოსახლეობა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია

რუმინეთის მოსახლეობა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია

რუმინეთში 4 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდება. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა და ხმათა თითქმის 23% მიიღო. მოგვიანებით, სადაზვერვო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით გაირკვა, რომ კალინ ჯორჯესკუს დახვეწილი TikTok საარჩევნო კამპანია რუსეთის დაფინანსებით ხორციელდებოდა.

ახალი არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოქალაქეები საკუთარ საჭიროებებზე საუბრობენ. რეგიონებში მცხოვრები რუმინელები აღნიშნავენ, რომ მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, რის გამოც ახალგაზრდებს ქვეყნიდან წასვლა და საზღვარგარეთ დასაქმება უწევთ.

სწორედ დიასპორაში კალინ ჯორჯესკუმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ხმათა 43% მიიღო.

ბანერზე გამოსახულები არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომელშიც კალინ ჯორჯესკუმ მოიპოვა უპირატესობა. ბანერზე ასევე არის წარწერა: „დაგვიბრუნეთ მეორე ტური, ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი!”, საპროტესტო აქცია ბუქარესტში, რუმინეთი, 21 თებერვალი, 2025 წელი Copyright AP Photo/Vadim Ghirda

„წარსულში ყველაფერი კარგად იყო, რადგან გვქონდა ფერმები, სამუშაო გვქონდა. დღესდღეობით კარგი პენსია მაქვს, მაგრამ ახალგაზრდებს სამსახური არ აქვთ. მათ უწევთ ნივთების ჩალაგება და ქვეყნიდან წასვლა, რათა იმუშაონ. მენატრებიან… ორი გოგო და ორი ბიჭი მყავს, მხოლოდ ერთხელ ვნახე, ზაფხულში, შემდეგ კი – შობას, რადგან ისინი საზღვარგარეთ მუშაობენ“, – ამბობს ზოიკა როტი.

ზოგიერთი მოქალაქე ეჭვქვეშ აყენებს კალინ ჯორჯესკუსთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილებას. ნაწილი ამბობს, რომ ხმა პირველ ტურშიც მისცა და ახლაც მისცემდა, მონაწილეობას რომ იღებდეს.

„კალინ ჯორჯესკუს ხმა მივეცი, რადგან სამუშაო ადგილების შექმნას შეგვპირდა, რათა საზღვარგარეთ მუშაობა არ დაგვჭირვებოდა. თუ საზღვარგარეთ სიარულს გავაგრძელებთ, აქ როგორ ვიცხოვრებთ? ფულს, რასაც იქ გამოვიმუშავებ, რუმინეთში სიძვირის გამო მალე ვხარჯავ. დღეს აღებული ფული ხვალამდე ვერ მიძლებს“, – ამბობს მოქალაქე, მონიკა როსალეა.

„ევროსტატის“ ინფორმაციით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის მასშტაბით ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი დაეცა წევრი ქვეყნების უმრავლესობაში, თუმცა რუმინეთში გაიზარდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობას 11 კანდიდატი მიიღებს. იმ შემთხვევაში თუ 50%-იან ბარიერს ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, 18 მაისს ორ კანდიდატს შორის მეორე ტური ჩატარდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend