კატეგორიები

კანონი და პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროში

კანონი და პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროში
უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა არაერთმა თანამშრომელმა დატოვა.  მისი თქმით სამსახურიდან წამოსვლის ფორმა განსხვავებულია.

„მაგალითად,  თუ თანამშრომელი უწყებაში განსხვავებულ  აზრს  გამოხატავს, მის მიმართ იწყებენ ხოლმე დისციპლინურ სამართალწარმოებას, რომელიც საბოლოოდ, შეიძლება, დასრულდეს ამ ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებით. დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთი ფორმა, ფაქტობრივად ყველაზე მძიმე ფორმა, არის სწორედ სამსახურიდან გათავისუფლება და ხშირად სწორედ ამ ზომას მიმართავს ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმისათვის, რომ მათთვის არასასურველი თანამშრომელი თავიდან მოიცილოს“, დასძენს უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ოფიციალურ ვებგვერდზე კი ვკითხულობთ, რომ   შსს პოლიტიზებული ძალოვანი უწყება კი არა,  დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და საზოგადოებაზე ორიენტირებული სამართალდამცავი ორგანიზაციაა და რომ სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საზოგადოებასთან, აქტიურ ნაბიჯებს დგამს მისი ინფორმირებისა და მიმდინარე პროცესებში ჩართულობისთვის…

ადამიანის უფლებადამცველები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. მათი აზრით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე ბოლო პერიოდში პოლიტიკური გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

პოლიტიკური გავლენის ზრდა კი რამდენიმე სახით გამოიხატება… მათ შორისაა ადამიანური რესურსების მართვა და საკანონმდებლო ცვლილებები.

„(საჯარო მოხელეები) თუ რაიმე კრიტიკულს იტყვიან, არიან იმ რისკის ქვეშ, რომ მათ უპრობლემოდ გაათავისუფლებენ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების გამოყენებით. ასევე ცვლილება შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელების დასაქმების საკითხს. ამ შემთხვევაში პოლიციელების მიღების პროცედურები ისე გამარტივდა, რომ ამასთან დაკავშირებით თავიდანვე გაჩნდა კითხვები: ხომ არ გამოიწვევს ეს იმას, რომ ამ სისტემაში ის პირები მოხვდებიან, რომლებიც საკუთარი სამსახურის მანდატის მიხედვით კი არ იმუშავებენ,  არამედ მათზე უფრო ძლიერად განხორციელდება   პოლიტიკური გავლენა“,  ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე საუბრობენ უწყებიდან წამოსულებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ეკატერინე მაჭავარიანი, რომელმაც უწყებაში 2023 წლის მარტამდე 13 წელი იმუშავა, ამბობს, რომ სამინისტროს მენეჯმენტი წლების განმავლობაში ეტაპობრივად იცვლებოდა. ეს გამოიხატებოდა საერთაშორისო პრექტების განხორციელებასთან დამოკიდებულებაშიც. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობებში კომუნიკაცია ფორმალური გახდა.  ყოველი შეხვედრის წინ დეტალურად იკვლევდნენ მონაწილეთა პროფილებს, რათა განესაზღვრათ მათი პოლიტიკური შეხედულებები. საკითხები თანხმდებოდა მმართველი პარტიის სტრატკომთან და ასე შემდეგ.

„მკვცეთრად იგრძნობოდა მტრული და აგრესიული დამოკიდებულება იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც უკვე მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდათ დეპარტამენტში მუშაობის. მათ შორის ჩემ მიმართ.   ჩვენ უფრო აღგვიქვამდნენ, როგორც უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებს,  რადგან გვაქვს ელემენტარულად პროევროპული აზროვნება. ჩვენ მთელი ცხოვრება და პროფესიული საქმიანობა დავუთმეთ ქვეყნის ევროპასთან მეტად დაახლოებას. ნელ-ნელა ამ თანამშრომლებს ავიწროებდნენ, რიყავდნენ. გარდა ამისა,   გათავისუფლებულ თანამშრომლებს ანაცვლებდნენ სისტემისთვის ნაცნობი,  ნდობით აღჭურვილი ლოიალური ადამიანებით, რომლებსაც ძალიან ხშირად არ გააჩნდათ საკმარისი პროფესიული კომპეტენცია, ზოგჯერ  უცხო ენაც კი არ იცოდნენ.  თუმცა მთავარი კრიტერიუმი მათი დანიშვნის არა მარტო დაბალი რგოლის, არამედ საშუალო და მაღალი რგოლის პოზიციაზე, იყო ის, რომ ისინი იყვნენ სისტემის მიმართ ლოიალურები“, – ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ეკატერინე მაჭავარიანი.

ევრონიუს ჯორჯიამ კითხვით მიმართა შსს-ს.  გვაინტერესებდა, თუ რამდენი ადამიანი გათავისუფლდა უწყებიდან დისციპლინური გადაცდომისთვის, ასევე რა განცხადება გაკეთდებოდა იმ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომ უწყება პოლიტიკურ ზეგავლენას განიცდის.

უწყებიდან პასუხი არ მიგვიღია, თუმცა ვესაუბრეთ ყოფილ პოლიციელებს. მათი თქმით, უწყებიდან გათავისუფლებული უამრავი ძალოვანი ახლა აშშ-ში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

„მე სადაც ვმსახურობდი, პატარა სამმართველო იყო, დაახლოებით 20-კაციანი და მხოლოდ ამ  სამმართველოდან  7 პოლიციელი აქ არის. აქ რომ ჩამოდიან,  ძირითადად  პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ. აქ არიან საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები,  სამმართველოს უფროსები… იქ არის კლანი და თუ ხარ ამ კლანის წევრი, ხარ, თუ არადა, მიუღებელი ხარ.. ან თუკი კრიტიკულ შეკითხვას დასვამ გარკვეულ თემასთან დაკავშირებით, მათში უკვე  ეჭვს იწვევს“, – თქვა აშშ-ში ემიგრანტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გრიგოლ საკანდელიძემ.

უწყების ვებგვერდზე ვკითხულობთ:  შსს საზოგადოებასა და მის საჭიროებებზეა ორიენტირებული, მისი საქმიანობა განიხილება, როგორც საზოგადოებრივი სერვისის განხორციელება, რომელიც ეფუძნება მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულებასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას.

როგორ მოქმედებს პოლიტიკური გავლენა საჯარო უწყებაზე? ყოფილი საჯარო მოხელეები ამბობენ, რომ ეს გავლენა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სტრუქტურას ანადგურებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები