კატეგორიები

„გავნადგურდით” – მოვაჭრეები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ

„გავნადგურდით” – მოვაჭრეები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ

თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე, ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ე.წ. „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულისა და სხვა საწყობებია განლაგებული.

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან შეიკრიბნენ მოვაჭრეები, რომლებიც სასაწყობე ფართებიდან თავიანთი საქონლის გამოტანას ცდილობდნენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.


.

ადგილზე საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სახანძრო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

„დაახლოებით 150 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული ადგილზე და 300 სახანძრო, სპეციალური ტექნიკა, რამაც ხანძრის გავრცელების რისკის მოხსნის საშუალება მოგვცა. რა თქმა უნდა, გავრცელების რისკის საფრთხე იყო და დაახლოებით ამ დროისთვის დამწვარია 15 000 კვადრატულ მეტრზე. ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. რაც მთავარია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის”, – განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

განცხადება გაავრცელეს კლინიკებმაც. როგორც „თოდუას კლინიკის” განცხადებაში წერია, ხანძრის მიუხედავად, არც ერთი პაციენტის ევაკუირების საჭიროება არ დამდგარა და კლინიკაში მოთავსებული პაციენტებისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „ჰელსიკორში” კი თქვეს, რომ მათი პაციენტები გადანაწილებული არიან თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში და ისინი უსაფრთხოდ არიან. განცხადება ასევე გაავრცელა ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნულმა ცენტრმა. კლინიკის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით ყველა პაციენტი და თანამშრომელი ევაკუირებულია.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ბოლოს ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით “თბილისი ცენტრალი” განცხადებას ავრცელებს.

ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს ბაქანი. შესაბამისად, ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას.

“აღნიშნული ტერიტორია 49 წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს თბილისი ცენტრალს საქართველოს რკინიგზისგან. არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს ბაქანი. ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას. ბაზრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შპს ბაქანი უზრუნველყოფდა ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას”- წერია “თბილისი ცენტრალის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში განცხადებაში.

ხოლო შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ.

„შემოსავლების სამსახური მზადაა, 2025 წლის 30 აპრილს ქ. თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 10 სამუშაო დღის ვადაში ჩამოაწეროს ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები”, – წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები