კატეგორიები

მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ერევანში

მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ერევანში

ერევანში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საუბარი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სტრატეგიული პარტნიორობის მომავალს შეეხო. მხარეები მიესალმნენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას, რასაც თბილისსა და ერევანში სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი სტაბილურობისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავენ.

მანამდე მიხეილ ყაველაშვილს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრა ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავების საკითხს დაეთმო. მხარეებმა იმსჯელეს, როგორც შიდა პოლიტიკურ, ასევე რეგიონული დონის საკითხებზეც.

„დღეს განვიხილეთ რეგიონული სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის საკითხები. ცნობილია, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი უკვე არსებობს და მზადაა ხელმოსაწერად. ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებას შევძლებთ. ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას ამ საკითხში, მივესალმებით ორმხრივი და სამმხრივი პლატფორმის შექმნის ინიციატივას.  განვიხილეთ საერთაშორისო, ტერიტორიული და  გლობალური საკითხებიც. მსურს, გამოვთქვა მზადყოფნა, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთსასარგებლო ძმობისა და თანამშრომლობის გაგრძელების კუთხით”, – აღნიშნა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა.


.

თავად მიხეილ ყაველაშვილმა სომხურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემს კოლეგასთან შეხვედრისას კმაყოფილებით აღვნიშნე, რომ მსოფლიოში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციისა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს. სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველო ცალსახად მიესალმება 2025 წლის 13 მარტს სომხეთისა და აზერბაიჯანის განცხადებას სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. გვჯერა, რომ ესაა მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, რომელიც საჭიროებს შემდგომ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ერთად შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და განვითარებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი”, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები