კატეგორიები

მარტა კოსი: „ვერ შევეგუები, რომ საქართველო დაიკარგოს”

მარტა კოსი: „ვერ შევეგუები, რომ საქართველო დაიკარგოს”

ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთებული არაერთი კრიტიკული შეფასების ფონზე, სულ უფრო ხშირად ისმის საქართველოსთვის ევროსიკეთეების შეზღუდვის, ან საერთოდ მოხსნის იდეები. „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროსთან ინტერვიუში, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ არადემოკრატიული და ანტიევროპული ნაბიჯებისა თუ კანონმდებლობის მიღების გამო საქართველოსთვის გარკვეული სიკეთეების შეზღუდვაზე ფიქრობენ. მათ შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA)“ შეჩერებაზე.

ამავე ინტერვიუში მარტა კოსი აღნიშნავს, რომ ამ სიკეთეების შეჩერება პირველ რიგში დააზიანებს ქართველ ხალხს, რომელსაც სურს ევროკავშირისკენ სწრაფვა. ის იმასაც ამბობს, რომ „საქართველოს დაკარგვა წარმოუდგენელი იქნება“.

„შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ უვიზოდ მიმოსვლა, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შეიძლება ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება ეს გავყინოთ. ანუ ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები. მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. [ქართველი] ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება დავკარგოთ საქართველო, თუნდაც, მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, – აცხადებს ევროკომისარი.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მარტა კოსის განცხადების საპასუხოდ ბრიუსელს ურჩევენ თავადვე გადახედონ შეცდომებს, რომლებიც მათივე თქმით, საქართველოსთან მიმართებაში დაუშვეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორად მოქმედებს, შეცდომებს კი ბრიუსელი უშვებს.

„ამას ვამბობ, რომ სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს ბრიუსელმა, თუ სურს, რომ ქართველ ხალხთან ურთიერთობები დაუბრუნოს იმ კალაპოტს, რომელიც ჩვენ გვინდა. საჭიროა, გაიზიაროს, გააცნობიეროს ის კრიტიკული მოსაზრებები თუ პრეტენზია, რომელიც ქართველ ხალხს აქვს ბრიუსელის მიმართ. მათ შორის ის, რომ ჩვენ მოველით თანასწორ ურთიერთობას ბრიუსელთან. თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ თუ ვიზალიბერალიზაციის საკითხებს რაც შეეხება, ზუსტად ეს შანტაჟის ენაა, რომლის გამოც ქართველ ხალხს აქვს პრეტენზია ბრიუსელის მიმართ. ქართველ ხალხს აქვს თავისი გამოცდილება სხვადასხვა დიდ დედაქალაქთან, ისტორიიდან გამომდინარე და თავისი ისტორიული, გარკვეული ტკივილი ამასთან დაკავშირებით. ზუსტად ეს არის ევროპულობა. არა თითის გაშვერა სხვებისკენ, არამედ საკუთარი ქმედებებზე კრიტიკული ანალიზი და ამის შესაბამისად მოქმედება.

ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რაც არის გასაკეთებელი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ევროკავშირის ბიუჯეტიდან არ მოხდეს საქართველოში ძალადობის, პროპაგანდის, ზიზღის ენის დაფინანსება, არჩევნებში ჩარევა. ველოდებით შესაბამის ნაბიჯებს”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ბრიუსელიდან „ქართულ ოცნებას“ მკაცრად, თუმცა დაფიქრებულად აფრთხილებენ, რათა ქართველმა ხალხმა ნაკლები ზიანი მიიღოს ხელისუფლების არასწორი ქმედებების გამო.

„ევროკავშირს ნამდვილად სურს, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა გააგრძელოს იმ სიკეთეებით სარგებლობა, რასაც წარმოადგენს უვიზოდ მიმოსვლა, სხვადასხვა სავჭრო ხელშეკრულებები. რაც რეალურად ჩვენი მოქალაქეებისთვის ნიშნავს მეტ დაცულობასა და პროგრესს. რასაც ევროკომისარი ამბობს, არის შემდეგი – დღეს ამ შესაძლებლობებს ქართველ ხალხს ართმევს ის რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას. ასე რომ, რაიმე დიალოგი თუ შედგება „ქართულ ოცნებასა“ და ბრიუსელს შორის, ეს შეეხება იმას, თუ როგორ უნდა აღდგეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სურვილები და მისწრაფებები აისახოს პოლიტიკურ პროცესებში“, – აცხადებს  „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პოლიტიკურ გათვლებში „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის დახშობა პროდუქტიული ვერ იქნება. თუმცა იმასაც ამბობს, რომ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც დამაბნევლად მოქმედებს და არავინ იცის, რაზეა წამსვლელი, კომპრომისებზე თუ მეტ გაუცხოებაზე, დიალოგის ფორმა ამ ეტაპზე მოსაფიქრებელია. რაც შეეხება სიკეთეების შეზღუდვებს, ამაზე ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ არსებობს.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები