მთავარიმსოფლიოირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს დიპლომატიური ვიზიტით ეწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გუშინ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

ლიდერებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ყველა სფეროში. ლიდერებმა ერთმანეთს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„ტრადიციულად, საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს მხარს ვუჭერთ. დღეს აგრეთვე განვიხილეთ და ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის ჩარჩოებზე გაეროში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასა და მიუმხრობლობის მოძრაობაში. ამ ორგანიზაციებში ჩვენი წარმომადგენლები ერთმანეთის გვერდით დგანან“, – ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი.

სხვადასხვა ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში მასუდ პეზეშკიანმა მოუწოდა აზერბაიჯანს პატივი სცენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და როგორც ისლამურმა ქვეყნებმა, მხარი დაუჭირონ ერთობლივ განვითარებას.

„ჩვენ შეგვიძლია პრობლემების ერთად გადაჭრა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ, ისლამური ქვეყნები – მეზობლები, ძმები და დები, რომლებსაც უძველესი დროიდან გვაქვს კავშირები პატივს ვცემთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ განსხვავებულ გემოვნებასა და ხედვებს, ხოლო შევთანხმდებით საერთო შეხედულებებზე, მაშინ თანამშრომლობა ყველა სფეროში შეგვეძლება“, – ამბობს ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი.

აზერბაიჯანში ირანის პრეზიდენტის ერთდღიანი ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც შაბათს, 26 აპრილს ირანის ერთ-ერთ მთავარ პორტში აფეთქება მოხდა.

აფეთქება გამოიწვია პორტში შენახულმა ქიმიურმა ნივთიერებამ, რომლითაც რაკეტის საწვავს ამზადებენ. აფეთქებას ემსხვერპლა 40 და დაშავდა 1000 მოქალაქე.

ირანსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო წლებში გარკვეული დიპლომატიური დაძაბულობა იყო. მხარეები ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებდნენ და მართავდნენ სამხედრო მანევრებს საზღვრებთან.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დასტაბილურდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend