არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციები საზოგადოებრივი ფონდების ხელმძღვანელი პირების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურებიან. მათი თქმით, ამით ხელისუფლება ცდილობს შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების შეზღუდვას. მათივე შეფასებით, ეს პროცესი გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, არასათანადო სამართლებრივი საფუძვლისა და გამჭვირვალობის გარეშე წარიმართა.
„ვგმობთ 2025 წლის 29 აპრილს საზოგადოებრივი ფონდების ხელმძღვანელი პირების სახლში ჩატარებულ კოორდინირებულ ჩხრეკას. ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა”, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ეს ფონდები არსებით როლს ასრულებენ იმ სფეროებში, რომლებშიც სახელმწიფო მხარდაჭერა არასაკმარისია და უზრუნველყოფენ საკვებს, თავშესაფარს, სამედიცინო დახმარებას, განათლებასა და ფსიქოსოციალურ სერვისებს მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
„ეს თავდასხმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ზოგადი ტენდენციის ნაწილია, რომელიც მოიცავს ე.წ. რუსული კანონისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის მიღებას, მედიის შევიწროებასა და დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოებზე მუდმივ ზეწოლას და საფრთხეს უქმნის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მის საერთაშორისო რეპუტაციას”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.