კატეგორიები

მაღაროელების პროტესტის მე-60 დღე

მაღაროელების პროტესტის მე-60 დღე

60-დღიანი პროტესტის შემდეგ მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. მათ თბილისში იურისტთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს და ისაუბრეს დამსაქმებელი კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე. მათ თქვეს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად არაერთ სახელმწიფო ინსტიტუტსაც მიმართეს, თუმცა ამ დრომდე მათ ოფიციალური პირები არ შეხვედრიან.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა კომპანიამ  „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ (CMC), – რომელიც თავდაპირველად აცხადებდა, რომ მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებდა, 22 აპრილს განაცხადა, რომ „ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა“, ამის შემდეგ კომპანიაში მაღაროელები და სხვა თანამშრომლები დაიბარეს გარკვეულ დოკუმენტზე ხელმოსაწერად. მაღაროელთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერა სამსახურიდან გათავისუფლების ტოლფასია. სწორედ ამიტომ ისინი პროტესტს განაგრძობენ.

„ეს განცხადება შინაარსობრივად პირდაპირ მოიცავს იმას, რომ ყველა დასაქმებული ოფიციალურად უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან, უნდა დაემორჩილოს რეორგანიზაციას და მასობრივი დათხოვნის მოთხოვნას. ასევე კომპანია შესთავაზებს კონკურსს თეორიულს, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტები ჩააბარებენ ყოველგვარი გადამზადების გარეშე, დარწმუნებული ვარ, ბევრი ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს და სწორედ ეს არის კომპანიის მიზანიც, რომ 3 620 ადამიანის ნაცვლად, ჰყავდეს დასაქმებული დაახლოებით 1000-1500 ადამიანი და ეს ხელმოწერაც ემსახურება ამას“, – ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.

მაღაროელების ადვოკატი ვაკო ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ  კომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და მისივე შეფასებით, ამ პროცესს კანონდარღვევით წარმართავენ. იურისტის განმარტებით, კომპანიას შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირობები არ შეუსრულებია. ვაკო ნაცვლიშვილი საუბრობს იმ დოკუმენტზე, რომელიც ბოლოს კომპანიამ მაღაროელებს ხელმოსაწერად შესთავაზა.

„ისინი აახლებენ მიწისქვეშა სამუშაოებს, მაგრამ უნდათ, განაახლონ შემცირებული სამუშაო ძალით და როგორც ჩანს, უნდათ ხელფასების შემცირება. სწორედ ამ კონტექსტში გაჩნდა ეს განცხადება. 7-პუნქტიანია ეს განცხადება და ამ 7-დან 5 ტყუილია, 2 მანიპულაცია. მაგალითად, აქ არის რომ ადამიანი ეთანხმება რეორგანიზაციას, სრულად იცის ხელმომწერმა რა არის ახალი საშტატო ნუსხა, რამდენია ხელფასი, როგორ ჩატარდება კონკურსი, თუმცა ამ ეტაპზე ამის შესახებ არავინ არაფერი იცის”, – აცხადებს იურისტი ვაკო ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“, პოზიციას – მათ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელი ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს.

„განცხადებაზე ხელმოწერა სამსახურიდან გათავისუფლებას არ ნიშნავს, ეს არ არის იურიდიული შინაარსის დოკუმენტი, რომელსაც რაიმე შედეგი უნდა მოჰყვეს. ტყუილი და დეზინფორმაციაა ნებისმიერი განცხადება, რომელიც უკავშირდება იმ მოსაზრებას, თითქოს ამ განცხადებაზე ხელის მოწერა რამე ნეგატიურ შედეგს წარმოშობს რომელიმე პირისთვის და ნიშნავს სამსახურიდან გათავისუფლებას”, – აცხადებს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ იურისტი გიორგი ყავლაშვილი.

მაღაროელებისთვის ეს განმარტებები დამაჯერებელი არ არის. ისინი აცხადებენ, რომ დამსაქმებელმა კომპანიამ არაერთხელ მოატყუა. სწორედ ამიტომ, ამბობენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ და 1-ელ მაისს მასშტაბურ აქციასაც გეგმავენ მშობლიურ ქალაქში, ჭიათურაში.

მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის უმთავრესია მარტისა და აპრილის ხელფასების 60%-ის მიღება და საბანკო ვალდებულებების გაყინვა, ვიდრე სამუშაო პროცესს არ დაუბრუნდებიან. მაღაროელების კიდევ ერთი მოთხოვნაა, მაღაროების მართვა სახელმწიფომ გადაიბაროს. როგორ და რა პირობებში გაგრძელდება მათი საქმიანობა, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები